A
A A A
a A

სიახლეები ყველა სიახლე

  • შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან

    შეხვედრა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებთან

    21 სექტემბერი, 2017

    თამარ ჟვანია დღეს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიცერს ქრისტოფერ ჰალეთს და საქართველოში აშშ-ს საელჩოს წარმომადგენლებს ქრისტი მორჰორტსა და ხათუნა ჭითანავას შეხვდა. თამარ ჟვანიამ სტუმრებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის უკვე განხორციელებული და დაგეგმილი აქტივობების შესახებ. ცესკოს თავმჯდომარემ ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან მიმდინარე პროცედურულ საკითხებსა და ახალ სერვისებზე, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს და ჩართულ მხარეებს სთავაზობს.

    საინფორმაციო ხასიათის შეხვედრას, რომელიც დღეს ცესკოში გაიმართა ასევე ესწრებოდნენ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე, სპიკერი და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი.

    სრულად
  • OSCE/ODIHR-ისა და NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ტრენერთა ტრენინგს დაესწრნენ

    OSCE/ODIHR-ისა და NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ტრენერთა ტრენინგს დაესწრნენ

    21 სექტემბერი, 2017

    ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) და ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები 17 სექტემბერს, ყვარელში, სწავლების ცენტრის მიერ ჩატარებულ საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერთა ტრენინგებს დაესწრნენ.

    სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის შემუშავებული სასწავლო პროგრამა, ტრენინგების სისტემა და მეთოდოლოგია გააცნო, ასევე, მიაწოდა ინფორმაცია არჩევნებში ჩართული მხარეებისა და ამომრჩევლებისთვის სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო პროექტების შესახებ.

    ტრენერთა ტრენინგი 29 აგვისტოდან 20 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით განხორციელდა.

    ტრენერთა გადამზადების კურსი 166 ტრენერმა გაიარა.

    OSCE/ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების შესახებ სწავლების ცენტრის საქმიანობის გაცნობის მიზნით დაათვალიერეს საგამოცდო დარბაზი და მიიღეს ინფორმაცია სერტიფიცირების პროცესის ელექტრონულ ფორმატში ორგანიზების/მიმდინარეობის შესახებ.

    სრულად
  • ტრენინგები ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის

    ტრენინგები ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის

    20 სექტემბერი, 2017

    ყრუ და სმენადაქვეითებული ამომრჩევლებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ტრენინგებს გაუწია ორგანიზება. სწავლების მონაწილეებს,  ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო სიჭინავამ, ,,საქართველოს ყრუთა კავშირის“ პრეზიდენტთან ამირან ბატატუნაშვილთან ერთად ცესკოს ინოვაციური სერვისების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მონაწილეები დეტალურად გაეცნენ მათ საარჩევნო უფლებებსა და სპეციალურად მათთვის შეთავაზებულ სერვისს, რაც გულისხმობს ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში ინფორმაციის მიღებას ჟესტურ ენაზე, ვიდეოზარის მეშვეობით.  ყრუ და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს ასევე აქვთ შესაძლებლობა გადაამოწმონ პირადი მონაცემები და მისამართი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. ტრენინგები თბილისში, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში  15-21 სექტემბერს ეტაპობრივად განხორციელდა.

    სრულად
  • ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

    ინფორმაცია საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით

    20 სექტემბერი, 2017

    ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის ცნობილი გახდა, რომ დღეს დილიდან, დაფარული ნომრით უცნობმა პირმა დარეკა ბათუმის ოლქში შემავალი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთან და მიაწოდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა გადაიდო. აღნიშნული ქმედება შესაძლოა წარმოადგენდეს  საუბნო სარჩევნო კომისიის პირველი სხდომის ჩატარების ხელშეშლის მცდელობას.

    შესაბამისად, გვინდა მივმართოთ საარჩევნო ადმინისტრაციის წევრებს, ნუ დაეყრდნობიან უცნობი პირების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას, კომუნიკაცია იქონიონ მხოლოდ ზემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციასთან და მიიღონ მონაწილეობა დაგეგმილ საქმიანობაში.

    ამასთან, საზოგადოებისთვის განსაკუთრებით საყურადღებო და ხაზგასმით აღსანიშნავია ფაქტები, რომლებიც დღეს დილით დაფიქსირდა თბილისის, რუსთავის და სხვა საარჩევნო ოლქებში შემავალ საუბნო საარჩევნო კომისიებში, სადაც ტარდება საუბნო საარჩევნო კომისიების პირველი სხდომები. კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტის მიერ ნომინირებული კომისიის წევრები სხდომაზე გამოცხადდნენ პროცესის დაწყებამდე წინასწარ გამზადებული წერილითა და ტექსტით, რომელიც შეიცავს განსხვავებულ აზრს და უარყოფით მოსაზრებებს საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირების არჩევის შედეგების შესახებ.

    სხდომების დაწყებამდე, ერთი და იგივე სუბიექტის წარმომადგენლების მიერ წინასწარ გამზადებული იდენტური ტექსტით პროცესის ნეგატიურად შეფასება, იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება შემდგომში არჩეული, განიხილება პროცესის დისკრედიტაციისთვის გამიზნულ წინასწარ დაგეგმილ ქმედებად.

    ჩვენ ხელთ გვაქვს აღნიშნული ფაქტების მტკიცებულებები, რომლებიც მოგვეწოდა სხდომების დაწყებამდე.

    შესაბამისად, გვინდა კიდევ ერთხელ მივმართოთ საარჩევნო სუბიექტებს, ნუ მიაყენებენ ზიანს საარჩევნო პროცესს კონკრეტული ინტერესების გამო და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციის კანონიერ საქმიანობას. ამასთან, მივმართავთ დამკვირვებლებს, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა საარჩევნო ადმინისტრაციის  საქმიანობის მონიტორინგში და მიუკერძოებლად ასახონ მიმდინარე ფაქტები და პროცესები.

    სრულად
  • სასწავლო ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის

    სასწავლო ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“ 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის

    20 სექტემბერი, 2017

    კენჭისყრის დღეს ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის უზრუნველყოფის მიზნით,  ცესკოს სწავლების ცენტრმა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის განაახლა სასწავლო ხასიათის ფილმი „კენჭისყრის დღის პროცედურები“.

    აღნიშნული ფილმი ასახავს კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივ მდგომარეობას, ასევე დაინტერესებულ პირებს დეტალურად აწვდის ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობს მზადება კენჭისყრის პროცესის დაწყებამდე, რა საქმიანობებს ახორციელებენ საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირები და კომისიის სხვა წევრები იმისათვის, რომ არჩევნები ჩატარდეს გამართულად და ამომრჩეველმა სრულფასოვნად განახორციელოს საარჩევნო უფლება.

    სასწავლო ფილმი მომზადდა სურდოთარგმანის თანხლებით (ჟესტური ენა), ასევე ითარგმნა ინგლისურ და ეთნიკური უმცირესობების ენებზე.

     

    სრულად
  • ცესკოსა და შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    ცესკოსა და შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

    19 სექტემბერი, 2017

    ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

    მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს 2017 წლის ოქტომბერში გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, უსაფრთხო საარჩევნო გარემო - ის პრიორიტეტი და აღიარებული საერთაშორისო სტანდარტია, რომლის უზრუნველყოფაც აუცილებელია არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის.

    „მშვიდობიანი და თავისუფალი საარჩევნო გარემოს უმნიშვნელოვანესი საფუძველია უსაფრთხოების უზრუნველყოფა. სწორედ ამიტომ, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ხელშეწყობით, ცესკოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობით, არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ამ მიმართულებით უფრო ეფექტური მომსახურება გაგვეწია ამომრჩევლებისთვის. ჩვენ კარგად გვესმის, რომ არჩევნების უსაფრთხოება უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა დონეზე, აკმაყოფილებდეს მაღალ პროფესიულ სტანდარტებს და ამავდროულად, გათვალისწინებული უნდა იყოს თითოეული ასპექტი და არსებული გამოცდილება. დღეს აქ სწორედ იმისათვის შევიკრიბეთ, რომ მემორანდუმის გაფორმებით კიდევ ერთხელ გავუსვათ ხაზი ამ პრიორიტეტის მნიშვნელობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ჩვენ ყველამ კარგად დავინახეთ, რომ საკითხისადმი სისტემური, პროფესიული მიდგომა და მკვეთრად გამიჯნული ფუნქციები უწყებებს შორის იყო შედეგის მომტანი. დღეს ამ დოკუმენტზე ხელმოწერით კიდევ ერთხელ საჯაროდ ვადასტურებთ ჩვენს სრულ მზაობას უზრუნველვყოთ ყველასათვის საარჩევნო უფლების თავისუფლად განხორციელება  და უსაფრთხო საარჩევნო გარემო“,-აღნიშნა თამარ ჟვანიამ.

    დოკუმენტი არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას, ასევე ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას ითვალისწინებს და ამ სამუშაო პროცესს მხარდაჭერას უწევს  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES).

    „არჩევნების მაღალ დონეზე, დასავლური სტანდარტების შესაბამისად ორგანიზებისთვის უმთავრესი პირობაა საარჩევნო კანონის მაქსიმალურად დაცვა, შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა და უსაფრთხო საარჩევნო გარემოს შექმნა. მიმაჩნია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს შორის თანამშრომლობის სწორად დაგეგმვა და წარმართვა იქნება წინაპირობა იმისა, რომ 2017 წლის ოქტომბერში დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარდეს“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

    აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი პირველად გასულ წელს გაფორმდა, რომლის საფუძველზეც მხარეებმა 2016 წლის პარლამენტის არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრებიც გამართეს.

    სრულად
  • შეხვედრა ევროპარლამენტის ექსპერტთან

    შეხვედრა ევროპარლამენტის ექსპერტთან

    18 სექტემბერი, 2017

    ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი  არჩილ ანასაშვილი და ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი  გიორგი კალანდარიშვილი ევროპარლამენტის ექსპერტს ჰოლი რუთროფს შეხვდნენ. შეხვედრაზე საარჩევნო კოდექსში განხორციელებული ცვლილებები განიხილეს; ასევე ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის უფლებამოსილებაზე დადგენილებების გამოცემასთან დაკავშირებით. ცესკოს წარმომადგენლებმა ექსპერტს იურიდიული დეპარტამენტის მიერ ჩატარებული იმ ტრენინგებისა და შეხვედრების შესახებაც მიაწოდეს ინფორმაცია, რომლებიც მიზნად ისახავს საოლქო საარჩევნო კომისიების კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო დავების განხილვასთან დაკავშირებით.

    სრულად
  • საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა I ეტაპის ტრენინგების სტატისტიკა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის

    საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა I ეტაპის ტრენინგების სტატისტიკა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის

    17 სექტემბერი, 2017

    მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თემის მერის  2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის შემუშავებული ტრენინგების კონცეფციის შესაბამისად განხორციელდა საოლქო საარჩევნო კომისიების წევრთა ტრენინგების I ეტაპი, რომელიც დაეთმო საოლქო საარჩევნო კომისიების სრული შემადგენლობის სწავლებას და განხილულ იქნა შემდეგი სასწავლო მოდულები:

    • საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში;
    • საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომა და ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი (პირველი სხდომის ინსტრუქცია (ეპიზოდური ინსცენირება));
    • საარჩევნო პროცესში მონაწილე პირთა რეგისტრაცია;
    • საოლქო საარჩევნო კომისიაში კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შეჯამება;
    • საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადებების/საჩივრების შეტანისა და განხილვის წესი.

    ტრენინგი გაიარა 73 საოლქო საარჩევნო კომისიის 896 წევრმა, მათ შორის კაცი - 329, ქალი - 567.

    დეტალური სტატისტიკა იხილეთ ბმულზე.

    სრულად
  • საარჩევნო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი აქცია - „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“

    საარჩევნო ადმინისტრაციის საზოგადოებრივი აქცია - „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“

    10 სექტემბერი, 2017

    საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის განაგრძობს ამომრჩეველთა ინფორმირების კამპანიას და მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლო ვადა 3 ოქტომბერია.

    ამომრჩეველთა მაქსიმალურად ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციისა და ცესკოს ”სწავლების ცენტრის” თანამშრომლებმა უკვე დაიწყეს საგანმანათლებლო პროექტის ”ვესაუბრებით ამომრჩევლებს” მეორე ეტაპის განხორციელება. აღნიშნული ეტაპის მთავარი მიზანია მოქალაქეთა ინფორმირება და აქტიური ჩართვა საზოგადოებრივ აქციაში -  „იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“.

    ინფორმირების კამპანიას უახლოეს დღეებში შეუერთდებიან 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ მთელი ქვეყნის მასშტაბით. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან მოქალაქეებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა სიაში და ასევე, დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და  მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

    ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების  მონაცემების გადამოწმება შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ასევე მიიღებს ინფორმაციას, თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

    2017 წლის მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ამომრჩევლები მონაცემების გადამოწმებას, გარდა ანდროიდის სისტემაზე მორგებული აპლიკაციისა, წელს უკვე iOS-ის სისტემის მობილურისა და პლანშეტის გამოყენებითაც შეძლებენ.

    აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველთა სია ხელმისაწვდომია როგორც ქართულ, ისე აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. გარდა ამისა, ადაპტირებული ვებგვერდის საშუალებით უსინათლო ამომრჩევლები შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას. 

    მნიშვნელოვანი სიახლე შესთავაზა წელს ცესკომ ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებსაც - ისინი ინფორმაციას ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრში ვიდეო ზარის საშუალებით ჟესტურ ენაზე მიიღებენ და შეძლებენ  გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

    ამომრჩევლებს სიებში მონაცემების გადამოწმება საარჩევნო უბნებზეც შეეძლებათ. კანონმდებლობის შესაბამისად, ამომრჩეველთა სიის საჯარო ვერსია ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული იქნება არაუგვიანეს 21 სექტემბრისა.

    იმისათვის რომ, კანონმდებლობით უფლებამოსილ თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, ცესკო კიდევ ერთხელ მიმართავს ამომრჩევლებს, რომლებიც საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან არიან მოხსნილები, ასევე ამომრჩევლებს, რომელთა რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ და მისამართის მითითების გარეშე რეგისტრირებულ მოქალაქეებს:

    აღნიშნულ მოქალაქეებს ცესკო შეახსენებს, რომ ისინი 14 სექტემბრის ჩათვლით უნდა გამოცხადდნენ სააგენტოში (იუსტიციის სახლებში) და გაიარონ რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითონ ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი.

    რეგისტრაციის გავლისას ზემოაღნიშნული მოქალაქეები ისარგებლებენ გარკვეული შეღავათებით, მათ შორის, - კონკრეტული კატეგორიის ამომრჩევლები გათავისუფლდებიან მომსახურების გადასახადისგან, რის შესახებაც დეტალური ინფორმაციის მიღება სააგენტოში.

    შეგახსენებთ, რომ ყოველ დღე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ფუნქციონირებს ცესკოს სატელეფონო-საინფორმაციო ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის 2 51 00 51; ასევე მუშაობს ონლაინ ჩათი. დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა დაგვიკავშირდნენ და მიიღონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია.

     

    სრულად

სიახლე