საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) საარჩევნო ადმინისტრაციების მეშვიდე ყოველწლიურ შეხვედრას მასპინძლობს.

შეხვედრის მთავარი თემაა „ინოვაციური სერვისები და ეფექტური საარჩევნო პროცედურები“ და მასში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

ღონისძიება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელმა მეთ გოქულმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკლ სვეტლიკმა გახსნეს.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული სიახლეები გააცნო და იმ ინოვაციური სერვისების შესახებ ისაუბრა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებზე შესთავაზა ამომრჩეველს.

მონაწილეები ორი დღის განმავლობაში შემდეგ საკითხებს განიხილავენ: ტექნოლოგიები და არჩევნები - საუკეთესო პრაქტიკა და გამოცდილება, ინოვაციური სერვისები, ევროპული სტანდარტები საარჩევნო პროცესში, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული მართვა და ა.შ.

მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა ბორჯომში სასტუმრო “ქრაუნ პლაზაში” 27-28 თებერვალს იმართება. ღონისძიებაში 20 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის, 11 საერთაშორისო ორგანიზაციის, აშშ-ის საელჩოს და საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული სამი კომპანიის 94 წარმომადგენელი მონაწილეობს.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო კონფერენციას  საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით უწევს ორგანიზებას.

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა შეხვედრა ყოველწლიურად იმართება; საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები უმნიშვნელოვანეს თემებზე მსჯელობენ და ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. წლების მანძილზე განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა: კონფლიქტების მართვა საარჩევნო პროცესებში, დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ეფექტური კომუნიკაციები, ინკლუზიური არჩევნები და არჩევნების სანდოობა.

ღონისძიებაში მონაწილე ქვეყნები:

ალბანეთი, ავღანეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, ბულგარეთი, ინდოეთი,  იორდანია, ლატვია, ლიტვა, მექსიკა, მოლდოვა, მალდივის რესპუბლიკა,  პაკისტანი,  რუმინეთი,  საქართველო, სამხრეთ კორეა, უკრაინა, ფილიპინები, ყაზახეთი, ყირგიზეთი.

ღონისძიებაში მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციები:

საპარლამენტო სწავლების საერთაშორისო ცენტრი (ICPS),ევროპის საარჩევნო მოხელეთა ასოციაცია (ACEEEO),  ევროპის საბჭო (CoE), ვენეციის კომისია, დელიან პროექტი , (The Delian Project ) (კანადა) ,საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (NIMD), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (OSCE/ODIHR), აშშ-ს საელჩო საქართველოში და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID).

საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებული კომპანიები:

Emperor Technology, A.Daga Steel & Industrial Corporation,  Copenhagen Election A/S.

სულ: 10 ფოტო