A
A A A
a A

საარჩევნო ადმინისტრაციების მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა

საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენელთა მეშვიდე ყოველწლიური შეხვედრა დასრულდა. საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული წარმატებული გამოცდილებები, ევროპული სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობები საარჩევნო პროცესებში, საარჩევნო ადმინისტრაციის ელექტრონული მართვა, არჩევნები და გამჭვირვალობა, ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც 20 სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინიტრაციების წარმომადგენლებმა და 11 საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტებმა 27-28 თებერვალს გამართულ კონფერენციაზე წარადგინეს პრეზენტაციები.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ კი მონაწილეებთან იმ ინოვაციების შესახებ ისაუბრა, რომელიც ცესკომ ამომრჩეველს 2016 წლის პარლამენტის არჩევნებზე შესთავაზა. „ვეძებთ გზებს, რომ ჩვენს ამომრჩევლებს უფრო ეფექტური სერვისები შევთავაზოთ და დავნერგოთ ინოვაციური ტექნოლოგიები საქართველოში!“- აღნიშნა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ცესკოსთან წლებია ვთანამშრომლობთ. ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციასაც წლებია ერთობლივად ვახორციელებთ; მოხარული ვარ, რომ კონფერენციაზე საერთაშორისო წარმომადგენლობა უფრო და უფრო მატულობს და ეს ღონისძიება უკვე საკმაოდ მასშტაბურია. ვფიქრობ, ეს ძირითადად განაპირობა საქართველოს დამოკიდებულებამ ინოვაციური სერვისების მიმართ. ეს საერთაშორისო აღიარება კი საქართველოს მიმართ უფრო და უფრო ზრდის ინტერესს. ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად გააგრძელებს საქართველოს ცესკოსთან თანამშრომლობას“ - საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრის (ICPS) ხელმძღვანელი მეთ გოქული.

„მიმაჩნია, რომ ეს კონფერენცია ცესკოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წარმატებაა. აქ ცალსახად გამოჩნდა, თუ რას აკეთებს საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, იმისთვის, რომ ზოგადად სამხრეთ კავკასიაში გაუმჯობესდეს საარჩევნო გარემო. ამ პროფესიონალიზმს, რა თქმა უნდა შესაბამისად აფასებენ; ასევე მნიშვნელოვანია ის გამოცდილება, რომელსაც მონაწილეები ერთმანეთს უზიარებენ, ვინაიდან სწორედ ასეთ საერთაშორისო შეხვედრებზე ითვისებენ ისინი სიახლეებს. და ჩვენ როგორც პროფესიონალები საარჩევნო სფეროში ყოველთვის უნდა ვეცადოთ, რომ უკეთესად შევასრულოთ ჩვენი მოვალეობები და ვისწავლოთ სხვების გამოცდილების საფუძველზე. ცესკოსთან IFES-ს წლებია წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს და ვამაყობთ იმით, რომ კვლავ ვაგრძელებთ ამ ურთიერთობას, რათა დემოკრატიული პროცესების განვითარებას შევუწყოთ ხელი“ - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), პროგრამების ვიცე პრეზიდენტი მაიკლ სვეტლიკი.

„მადლობელი ვარ რომ ცესკომ მომიწვია ამ ღონისძიებაზე. როგორც მოგეხსენებათ, ინოვაციური სერვისები/გადაწყვეტილებები საარჩევნო პროცესების კუთხით ბევრი ქვეყნისთვის აუცილებელი ნაბიჯია, რომ გააუმჯობესონ საარჩევნო პროცედურები. ეს ღონისძიება კი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საარჩევნო პროცესების განვითარებაში“ - ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მრჩეველი სამართლის საკითხებში გაელ მარტინ მიკალეფი.

„ცესკო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია საარჩევნო საკითხების მიმართულებით. ჩვენ, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დაინტერესებულ მხარეებთან ერთად ვმუშაობთ საარჩევნო პროცესების გასაუმჯობესებლად. ყოველწლიური კონფერენცია არის კარგი შესაძლებლობა უკეთ გავეცნოთ საქართველოს და რა თქმა უნდა, საერთაშორისო საარჩევნო გამოცდილებას,“ - საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი ქრისტიან ურსე.

ცენტრალური საარჩევნო კომისია საერთაშორისო კონფერენციას საპარლამენტო სწავლებების საერთაშორისო ცენტრთან (ICPS) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით უწევს ორგანიზებას.

„ახალი ტექნოლოგიები წარმოადგენს ძალიან მნიშვნელოვან საკითხს ევროსაბჭოსთვის და მისი წევრი ქვეყნებისთვის ისევე როგორც იმ ქვეყნებისთვის, სადაც ევროსაბჭო ახორციელებს მონიტორინგს.

ასეთი ტექნოლოგიების დანერგვის საჭირეობა მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენ საერთო პრაქტიკას და შესაძლებლობებს საარჩევნო საკითხებში მხარდაჭერის თვალსაზრისით“, - ევროპის საბჭოს საარჩევნო მხარდაჭერის განყოფილების უფროსი ფრანსუა ფრიდრიხი.

სულ: 25 ფოტო