შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი დღეს განახლებული შემადგენლობით შეიკრიბა. გაფართოებული ფორმატით გამართული პირველი შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა და მან ცესკოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებზე და დაგეგმილ საქმიანობებზე ისაუბრა. „მინდა თითოეულ თქვენგანს მოგიხადოთ მადლობა, ვინც აქამდე ჩვენთან ერთად მუშაობდით და რა მიღწევებიც გვაქვს ეს არის ჩვენი საერთო მიღწევა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო აღიარება გვქონდა ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ გვაქვს ხარვეზები. ჩვენ თქვენი თანადგომით ბევრი პოზიტიური ნაბიჯი გადავდგით და ეს შეხვედრები სწორედ იმას ემსახურება, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ იმაზე რა ნაბიჯები შეიძლება გადავდგათ, რა შეიძლება მოვიფიქროთ, რომ წინ წავწიოთ შშმ პირების მონაწილობის და იმ გარემოს საკითხი, რომელმაც არ უნდა შეუქმნას პრობლემა მათ მონაწილეობას და ჩართულობას პროცესში,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე. 

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფიო სიჭინავამ შეხვედრის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საარჩევნო უბნების ადაპტირებასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებებთან არსებული თანამშრომლობის შესახებ. სწავლების ცენტრის დირექტორი, ნათია ზაალიშვილი კი მათ შშმ პირთა მიმართულებით განხორციელებული და დაგეგმილი საგანმანათლებლო პროექტების შესახებ  ესაუბრა.

სამუშაო ჯგუფი ცესკოში 2012 წლიდან მუშაობს და მისი მიზანი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს შექმნაა. ჯგუფში შედიან ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, ცესკოს სწავლების ცენტრის დირექტორი, საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელის მოადგილე, სახალხო დამცველის ოფისის, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის, საზოგადოებრივი მაუწყებლის და 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც შშმ პირების საკითხებზე მუშაობენ.

სულ: 9 ფოტო