A
A A A
a A

ცესკოს თავმჯდომარემ უკრაინაში გამართულ ორ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და ცესკოს წევრმა ხათუნა სხირტლაძემ უკრაინაში საარჩევნო თემატიკაზე გამართულ 2 საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

24 მარტს, კიევში გამართულ კონფერენციაზე, რომელიც იძულებით გადაადგილებულ პირთა საარჩევნო უფლებებს შეეხებოდა, ცესკოს თავმჯდომარე პრეზენტაციით წარსდგა. თამარ ჟვანიამ საქართველოში ამ კუთხით არსებულ გამოცდილებასა და პრაქტიკაზე ისაუბრა. როგორია ამ მიმართულებით საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, რა პროცედურების დაცვით მონაწილეობენ დევნილები არჩევნებში საქართველოში, როგორ საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანიას ახორციელებს დევნილებთან მიმართებაში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია - ეს იმ თემების არასრული ჩამონათვალია, რაზეც აქცენტი თამარ ჟვანიამ საკუთარ გამოსვლაში გააკეთა. კონფერენციაში, უკრაინელი და საერთაშორისო ექსპერტები, სამოქალაქო საზოგადოების, უკრაინის მთავრობისა და რადას, აგრეთვე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. კონფერენციას ორგანიზება საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES), აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID), დიდი ბრიტანეთის საელჩომ კიევში,  კანადის გლობალურ საკითხთა დეპარტამენტმა (Global Affairs Canada) და სამოქალაქო ქსელმა „ოპორამ“ (OPORA) გაუწიეს.

საარჩევნო პროცესის მართვის სისტემა (EPMS) და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სხვადასხვა ფორმით გამოყენებული საინფორმაციო ტექნოლოგიები - ამ და სხვა თემებზე კი თამარ ჟვანიამ ასევე კიევში გამართულ კიდევ ერთ კონფერენციაზე ისაუბრა, რომლის სახელწოდებაც იყო „ახალი საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესებში: გამოწვევები, რისკები და პერსპექტივები“. კონფერენცია 27-28 მარტს გაიმართა და მასში სხვადასხვა ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ექსპერტების, უკრაინის მთავრობის, მედიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. კონფერენციას ორგანიზება უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის, ვენეციის კომისიის, ეუთოს (OSCE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდმა (IFES) გაუწია.

სულ: 3 ფოტო