ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სწავლების ცენტრის 2016 წლის საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაცია

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, 2016 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა. შეხვედრა პოლიტიკურ პარტიებთან, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლებთან ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გახსნა. მან მოწვეულ სტუმრებს ცესკოსა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მიერ 2016 წელს განხორციელებული საქმიანობები გააცნო.

თამარ ჟვანიამ შეხვედრის მონაწილეებს ასევე წარუდგინა საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი - „ვესაუბრებით ამომრჩეველს“. პროექტის ფარგლებში საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლები ამომრჩევლებთან საჯარო, საინფორმაციო შეხვედრებს გამართავენ, რაც მიზნად ისახავს ამომრჩევლების ცნობიერების ამაღლებას 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით, საოლქო საარჩევნო კომისიებსა და მოსახლეობას შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის პოპულარიზაციას და ცნობადობის ზრდას.

„მნიშვნელოვანია რომ 2016 წელი საარჩევნო ადმინისტრაციისთვის იყო წარმატებების წელი, ვინაიდან ჩვენ, გარდა საპარლამენტო არჩევნებისა ორი რიგგარეშე და სამი შუალედური არჩევნები ჩავატარეთ. ამავდროულად უამრავი საქმიანობა განვახორციელეთ, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიების სერვისებისა და მომსახურების შეთავაზებით ამომრჩევლებისთვის, ისე არაერთი საგანმანათლებლო პროექტი. თუმცა გამოწვევები რჩება და ეს გამოწვევები მნიშვნელოვანია, ასევე მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ისე ადგილობრივი დამკვირვებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებები და შენიშვნები.  ჩვენ ვგეგმავთ ძალიან დიდი აქცენტი გავაკეთოთ სერვისებზე და  განათლებაზე“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

 

 

სულ: 11 ფოტო