ცესკოს წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი. თამარ ჟვანიამ, კომისიის წევრ ხათუნა სხირტლაძესთან და ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად ყვავილებით შეამკო გმირთა მემორიალი.

„ეს არის ტრაგიკული და ამავდროულად საამაყო თარიღიც, ვინაიდან სწორედ 9 აპრილს ქართველი ერი იყო ერთსულოვანი დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ჩვენი ვალია გვახსოვდეს გმირები, პატივი ვცეთ მათ ხსოვნას და იმ ღირსეულ საქმეს, რომელსაც ისინი შეეწირნენ,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ 9 აპრილის მემორიალთან.

9 აპრილის ტრაგედიიდან 28 წელი შესრულდა. 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებულმა ძალებმა თბილისში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დარბევას 21 ადამიანი ემსხვერპლა.

სულ: 12 ფოტო