„პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ - კრებულის პრეზენტაცია

„პირველი საყოველთაო დემოკრატიული არჩევნები დამოუკიდებელ საქართველოში“ - ამ სახელწოდების კრებულის პრეზენტაცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. კრებული დამოუკიდებელი საქართველოს პირველ დემოკრატიულ არჩევნებს ეძღვნება და მასში 1919 წლის საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ არსებული ინფორმაცია და დოკუმენტური მასალაა ასახული.

პრეზენტაციაზე მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართეს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა მიხეილ ჩხენკელმა და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელმა ჟერომ ლერომ. ღონისძიებას ესწრებოდნენ როგორც სტუდენტები და ლექტორები, ისე პოლიტიკური პარტიების, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და მედიის წარმომადგენლები.

„ეს მნიშვნელოვანი კრებული ასახავს იმ დემოკრატიულ ღირებულებებს, რაც 1919 წლის არჩევნებისას გამოიკვეთა; ძალიან ბევრ ქვეყანას მსგავსი უნიკალური დემოკრატიული საარჩევნო ისტორია იმ წლებში არ ჰქონია. ეს კრებული გვაძლევს შესაძლებლობას, გავიაზროთ თუ განვითარების რა ეტაპზე ვიყავით იმ წლებში, გავიაზროთ როგორ გავჩერდით საბჭოთა პერიოდში და შემდგომში დღევანდელი პროცესების ჭრილში რამდენად მნიშვნელოვანია ის ისტორია, რომელიც ჩვენ გვაქვს, რომ გადავცეთ ჩვენი გამოცდილება მომავალ თაობას და გავუწიოთ საარჩევნო პროცესებს პოპულარიზაცია“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

კრებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების არჩევნებს ეხება, რომელიც 1919 წლის 14-16 თებერვალს ჩატარდა. პუბლიკაციაში ასახულია მასალები დამფუძნებელი კრების ცენტრალური საპარლამენტო საარჩევნო კომისიის შემადგენლობის, კომისიის საქმიანობის, არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების შესახებ დოკუმენტები და ცნობები, უშუალოდ საარჩევნო კამპანიის მასალები და არჩევნების შედეგების ამსახველი დოკუმენტები.

1919 წლის არჩევნები გამორჩეული იყო საყოველთაოობის მაღალი ხარისხით - საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა ხმის მიცემის უფლებას აძლევდა 20 წლის ასაკიდან ყველა მოქალაქეს სქესისა და წარმომავლობის განურჩევლად. საქართველოს დამფუძნებელ კრებაში აირჩიეს 5 ქალი, მაშინ როდესაც იმდროინდელი მსოფლიოს სახელმწიფოთა უმრავლესობაში ქალებს ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდათ. გარდა ქალთა ჩართულობისა, არჩევნებში ხმის მიცემისა და დეპუტატად არჩევის საშუალება მიეცათ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს. სულ არჩევნებში მონაწილეობა 15-მა საარჩევნო სუბიექტმა მიიღო.

„ჩვენ დავიწყეთ საფუძვლიანი კვლევა, არქივების, გაზეთების, ასევე მასალების დაზუსტება და შედეგად ამ გამოცემაში წარმოვადგინეთ ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური სუბიექტის შესახებ თითო დოკუმენტი მაინც. აქ წარმოდგენილია ინფორმაცია მაშინდელ ცესკოზე, საარჩევნო სუბიექტებზე, არჩევნების შედეგებზე, საარჩევნო კამპანიებზე. ჯამში 80-ზე მეტი დოკუმენტია მოძიებული. და რაც ყველაზე ღირებული და საინტერესოა, ეს არის ამ არჩევნების დემოკრატიულობა, გენდერული თვალსაზრისით კი ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე არჩევნები მსოფლიოში,“ - აღნიშნა კრებულის ავტორმა ირაკლი ირემაძემ.

კრებული ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლობით, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით გამოიცა.

სულ: 27 ფოტო