სამუშაო შეხვედრები საოლქო საარჩევნო კომისიებთან

„ვესაუბრებით ამომრჩეველს“ - საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი პროექტი, ორდღიანი განხილვების მთავარი თემა იყო ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

თბილისის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან თამარ ჟვანიამ პროექტის მნიშვნელობასა და მიზნებზე ისაუბრა, რაც ამომრჩევლებთან გასვლითი შეხვედრების საშუალებით 2017 წლის არჩევნებთან დაკავშირებით მათი ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს და საოლქო საარჩევნო კომისიებსა და ამომრჩევლებს შორის უფრო მჭიდრო კომუნიკაციის ჩამოყალიბებას ემსახურება.

შეხვედრას, ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი, თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. პროექტის განხორციელების დეტალები მონაწილეებთან ერთად ცესკოს სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა, ცესკოს კოორდინაციის დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსმა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა განიხილეს.

სამუშაო შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს გენდერულ საკითხებზე არჩევნების ჭრილში. ცესკოს წევრმა ზურაბ ხრიკაძემ, რომელიც ცესკოში არსებულ გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საბჭოს ხელმძღვანელობს, მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის გენდერული თანასწორობის პოლიტიკა გააცნო. თემაზე „გენდერი და არჩევნები“ საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მოწვეულმა ექსპერტმა ირინა ჟვანიამ ისაუბრა.

სამუშაო შეხვედრები IFES-ის მხარდაჭერით ეტაპობრივად ყველა საოლქო საარჩევნო კომისიასთან (სამეგრელო, სვანეთი, აჭარა, გურია, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი) გაიმართება.

სულ: 33 ფოტო