ცესკოს წარმომადგენლები საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდნენ

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დელეგაცია 21-25 აპრილს სამუშაო ვიზიტით საფრანგეთში იმყოფებოდა.

ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძის ხელმძღვანელობით დელეგაციამ შეხვედრები პარიზსა და სტრასბურგში გამართა.

ცესკოს წარმომადგენლები 23 აპრილს საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნებს დააკვირდნენ. დელეგაციის წევრები არჩევნებზე დაკვირვების მიზნით სტრასბურგის საარჩევნო უბნებზე იმყოფებოდნენ, სადაც როგორც ხმის მიცემის, ასევე ხმების დათვლის პროცედურას დაესწრნენ. დელეგაცია ასევე იმყოფებოდა ევრომეტროპოლის ადმინისტრაციულ ცენტრში, სადაც სტრასბურგის 143 საარჩევნო უბნის შედეგების ცენტრალიზება მოხდა.

ცესკოს წარმომადგენლებმა სტრასბურგში, ევროსაბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით ევროპის საბჭოს დემოკრატიული მმართველობის დირექტორატის ხელმძღვანელმა კლაუდია ლუჩიანიმ, ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კონსტანტინე კორკელიამ და საფრანგეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ჟან ბატისტ მატეიმ მიმართეს. შეხვედრის ძირითადი თემები საფრანგეთის საარჩევნო სისტემა, არჩევნების დღეს საარჩევნო პროცესების ორგანიზება და საარჩევნო კამპანიის მედიის მიერ გაშუქების საკითხები იყო.

დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები ასევე გამართა პარიზში. ევროპის საბჭოს ოფისში გამართული შეხვედრის მთავარი თემა საფრანგეთის 2017 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ანალიზი და მეორე ტურისთვის მზადების საკითხი იყო.

სამუშაო ვიზიტი საფრანგეთის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების სამინისტროში გამართული შეხვედრებით დასრულდა. შეხვედრის მონაწილეებმა - საფრანგეთში სამინისტროს მრჩეველმა ალექსანდრე ესკორსიამ და კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა ნიკოლას ლაკოსტიმ ცესკოს დელეგაციის წევრებთან საზღვარგარეთ ხმის მიცემის პროცედურებზე იმსჯელეს, შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის დელეგაციის შემადგენლობაში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, მდივანი გიორგი ჯავახიშვილი, თავმჯდომარის მრჩეველი თამაზ შარმანაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ქეთევან დანგაძე, საარჩევნო პროცესების მართვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი სეხნიაშვილი და საერთაშორისო ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თამარ კაპანაძე შედიოდნენ. სამუშაო ვიზიტი ევროპის საბჭოს ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.

სულ: 15 ფოტო