სემინარები უნივერსიტეტებში “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ დაიწყო

2017 წლის 2 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო პროექტი - “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“. პროექტი ეტაპობრივად განხორციელდება სწავლების ცენტრის პარტნიორ 9 უნივერსიტეტში (ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში; სამცხე ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში; იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში; საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტში; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში;  გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში; გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტში; კავკასიის საერთაშორისო  უნივერსიტეტში).

აღნიშნული ინიციატივა ითვალისწინებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის 1 საათიანი სემინარების ჩატარებას, რომელიც ეთმობა არჩევნების არსისა და საარჩევნო პროცესებში ამომრჩევლის როლის მნიშვნელობის საკითხების გაცნობას. პროექტის სამიზნე ჯგუფი 18-დან 21 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ამომრჩეველია. სემინარის ჩატარებას უზრუნველყოფენ სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული ტრენერები.

პროექტი “ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ხორციელდება 2013 წლიდან და მიზნად ისახავს ახალგაზრდა ამომრჩეველთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობას და ახალგაზრდების იმ ნაწილის გააქტიურებას, რომელიც პირველად იღებს მონაწილეობას არჩევნებში.