A
A A A
a A

ტრენერთა ტრენინგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო-სასწავლო პროექტის განსახორციელებლად

სწავლების ცენტრი 2017 წლის 10-11 მაისს ტრენერთა მოსამზადებელ კურსს ატარებს. საჭირო გადამზადების შემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციის 19 ტრენერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის განახორციელებს სწავლების ცენტრის მიერ შემუშავებულ სასწავლო პროგრამას.

ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ და ცესკოს მდივანმა გიორგი ჯავახიშვილმა გახსნეს, რომლებმაც ინფორმირებული საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად არჩევნებში ჩართული მხარეებისთვის საინფორმაციო-სასწავლო პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს. სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივა, რომლის ფარგლებში სწავლების ცენტრი, ცესკოს ეგიდით გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული საგრანტო პროექტების განხორციელების პროცესში, კონტრიბუციის სახით უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლებას. კერძოდ, სწავლების ცენტრის მიერ გადამზადებული საარჩევნო ადმინისტრაციის ტრენერები განახორციელებენ სასწავლო კურსს, რომელიც შემდეგ მოდულებს მოიცავს: საარჩევნო ციკლი და საარჩევნო ოპერაციების მართვა (საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელი და უფლებამოსილებები); კენჭისყრის დღე და კენჭისყრის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები; არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება.

აღნიშნული ინიციატივა 2017 წლის 3 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებულ 19 არასამთავრობო ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხორციელდება და მიზნად ისახავს პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის.

კონკურენტუნარიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, თავის მხრივ, საგრანტო პროექტების ფარგლებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს სთავაზობენ სასწავლო პროგრამებს, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა საქართველოში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება;
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა).

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ტრენინგების ჩატარების გრაფიკები ეტაპობრივად განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.

სულ: 4 ფოტო