A
A A A
a A

ტრენერთა ტრენინგი საინფორმაციო-სასწავლო პროექტისთვის „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2017“

სწავლების ცენტრი 2017 წლის 15-25 მაისის პერიოდში, ტრენერთა მოსამზადებელ კურსს ატარებს. პროფესიული გადამზადების შემდგომ საარჩევნო ადმინისტრაციის 62 ტრენერი სასწავლო კურსს „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2017“ საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში განახორციელებს.

ღონისძიება ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს. ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ საინფორმაციო-სასწავლო პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი ესწრებოდა.

სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა მონაწილეებს დეტალურად გააცნო ცესკოსა და სწავლების ცენტრის ინიციატივა, რომელიც ითვალისწინებს სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით და ხელს უწყობს საარჩევნო ადმინისტრაციისა და არჩევნებში ჩართული მხარეების მიერ  პროფესიული კადრების შერჩევის მიზნით კვალიფიციური საკადრო რესურსის ფორმირებას.

სასწავლო კურსი „საარჩევნო ადმინისტრატორის კურსები 2017“ პროექტში მონაწილეობის მსურველი პირებისთვის ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გაცნობას, მათ შორის:

  • კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის პროცესი, საარჩევნო უბნის დახურვა;
  • საარჩევნო ყუთის გახსნამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • საარჩევნო ყუთის გახსნა;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენამდე ჩასატარებელი პროცედურები;
  • კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენა, შემაჯამებელი ოქმის საჯაროობა.

სასწავლო კურსს ცესკო და სწავლების ცენტრი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით 2015 წლიდან ახორციელებს.

ტრენინგების ჩატარების გრაფიკები ეტაპობრივად განთავსდება სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზე.

სულ: 6 ფოტო