A
A A A
a A

ცესკოს ახალი ინიციატივის - „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგების განხილვა

საარჩევნო ადმინისტრაციამ საკუთარი ინიციატივის „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ შედეგები განიხილა. ცესკოს ხელმძღვანელმა პირებმა და სამუშაო ჯგუფის წევრებმა შეხვედრები გამართეს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრებთან და პროექტის განხორციელებისას მიღებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს. მათ, ასევე განიხილეს მოსაზრებები, რომლებიც ამომრჩეველთა მიერ პროექტის ფარგლებში გამოითქვა. ბოლო შეხვედრები ქუთაისსა და ბათუმში, დასავლეთ საქართველოს და თბილისის საოლქო საარჩევნო კომისიების წარმომადგენლებთან შედგა.

„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ჩვენ ამომრჩევლებს ვუთხარით თვითმმართველობის არჩევნების შესახებ, მივაწოდეთ ინფორმაცია, უშუალოდ ვეკონტაქტეთ, ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები. ასევე საინტერესოა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა 500-მდე ახალგაზრდა მოხალისე იყო ჩართული ამ პროექტში და უშუალოდ სოფელ-სოფელ, კარდაკარ დავდიოდით ამომრჩევლებთან და ვეუბნებოდით მათი უფლებების, მათი სამოქალაქო ვალდებულებების შესახებ, მომავალი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ და ჩვენ ვიყავით უფრო ახლოს ამომრჩეველთან. ჩვენ მოვისმინეთ მათი მოსაზრებები, რეკომენდაციები  და მათი სურვილები რაც დახვეწს ჩვენს საქმიანობასა და იმ სერვისებს, რასაც ჩვენ ამომრჩევლებს ვთავაზობთ“ - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ინიციატივა „ვესაუბრებით ამომრჩევლებს“ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ 2017 წელს პირველად განხორციელდა. პროექტი 2017 წელს გასამართ არჩევნებთან დაკავშირებით ამომრჩეველთა ინფორმირების, საარჩევნო ადმინისტრაციასა და ამომრჩევლებს შორის კომუნიკაციის გაძლიერებისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების გაუმჯობესების მიზნით განხორციელდა. პირველ ეტაპზე საოლქო საარჩევნო კომისიის წევრებმა და მოხალისეებმა მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ამომრჩევლებთან საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები გამართეს. მათ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების შესახებ საინფორმაციო ბარათები დაურიგეს და საკუთარი საარჩევნო უფლებების თაობაზე ესაუბრნენ. მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული სერვისებისა და საჭიროებების შესახებ დაეფიქსირებინათ საკუთარი აზრი ამომრჩეველთა მოსაზრებების ბარათში.

გარდა ამისა, საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართა საჯარო შეხვედრები - „ამომრჩევლის დღე“. შეხვედრაზე მისულ დაინტერესებულ პირებს ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და ამომრჩევლებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ აწვდიდნენ. საერთო ჯამში 73 საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე  449 შეხვედრა გაიმართა. პროექტი 24 აპრილიდან 31 მაისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით მუნიციპალიტეტების ცენტრებსა და სოფლებში, საოლქო საარჩევნო კომისიების 340 წევრისა და 491 მოხალისის მონაწილეობით განხორციელდა.

განხილვები უკვე გაიმართა ბორჯომში, რომელშიც ცესკოს თავმჯდომარესთან მოადგილესთან და კომისიის მდივანთან, აღმოსავლეთ საქართველოს საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეებთან და მდივნებთან ერთად მონაწილეობდნენ ცესკოს სტრუქტურული ერთეულების ის ხელმძღვანელი პირები და სწავლების ცენტრის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ინიციატივის დაგეგმვასა და განხორციელების პროცესში ჩართულები.

სულ: 17 ფოტო