A
A A A
a A

საერთაშორისო კონფერენცია არჩევნების სანდოობის შესახებ

დიალოგი არჩევნების სანდოობის გაღრმავების შესახებ - ამ სახელწოდების საერთშორისო კონფერენცია ჩატარდა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) და ადგილობრივი საარჩევნო დამკვირვებლების გლობალური ქსელის (GNDEM) ორგანიზებით. კონფერენცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავდა, როგორიც არის გამჭვირვალე საარჩევნო მონაცემთა ბაზები, ამომრჩეველთა რეგისტრაცია, ეფექტური საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება, მონაცემთა დამუშავება და ჩართული მხარეებისთვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.

NDI-ი და GNDEM-ი უკვე რამდენიმე წელია სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან თანამშრომლობით მართავენ აღნიშნულ კონფერენციას. წელს კი ორგანიზატორების ინიციატივით ღონისძიება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით შედგა.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ცესკოს თავმჯდომარემ საარჩევნო ადმინისტრაციის მიღწევებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.  თამარ ჟვანიამ ყურადღება გაამახვილა საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე, რაც საარჩევნო გარემოს უფრო ეფექტურსა და ხელმისაწვდომს ხდის; მან, ასევე წარადგინა პრეზენტაცია ამომრჩეველთა სიის ფორმირებაზე და ისაუბრა როგორც სიის გამჭვირვალობაზე ისე ამ მიმართულებით ცესკოს მიერ განხორციელებულ ინოვაციურ პროექტებზე.  

„დიალოგი საარჩევნო ადმინისტრაციებსა და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს შორის არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რადგან ეს კიდევ უფრო ზრდის საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობასა და ხელმისაწვდომობას ადგილობრივ და საერთშორისო დონეზე. საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ახორციელებს არაერთ პროექტს იმისთვის, რომ  საარჩევნო  ბაზები და შეთავაზებული სერვისები  ჩართული მხარეებისთვის კიდევ უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს. ჩვენ ვმართავთ რეგულარულ შეხვედრებს, სადაც სადამკვირვებლო მისიების, საერთაშორისო    და       ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად  განვიხილავთ მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და გამოწვევებს. ჩვენ ასევე ვცდილობთ ვუპასუხოთ ყველა აქტუალურ კითხვას, რომელიც მიმდინარე საარჩევნო პროცესებს უკავშირდება“- აღნიშნა თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას.

კონფერენციის ფარგლებში შედგა სამუშაო ჯგუფები, რომლებმაც დისკუსიის რეჟიმში განიხილეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომლებიც მონაცემების ხელმისაწვდომობას შეეხება. შეხვედრებზე, ასევე განიხილებოდა არასწორი ინფორმაციის გავრცელების თავიდან აცილებისა  და ჩართულ მხარეებთან მჭიდრო თანამშრომლობის მექანიზმები.

აღსანიშნავია, რომ კონფერენციას 25 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სულ: 36 ფოტო