A
A A A
a A

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2017 წლის 7 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 19 არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს სასწავლო პროექტების განხორციელებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის.

მონაწილეები სასწავლო პროგრამების ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები;
  • ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისთვის მოქმედი საარჩევნო სისტემა საქართველოში;
  • ჩართული მხარეების საარჩევნო რეგისტრაცია, მათი უფლება-მოვალეობები საარჩევნო პროცესში და საარჩევნო ეთიკა;
  • წინასაარჩევნო კამპანიის/აგიტაციის წარმოება და შეზღუდვები;
  • კონფლიქტების მართვა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო სტანდარტები;
  • კომუნიკაცია, გუნდური მუშაობა და ანგარიშვალდებულება;
  • ინკლუზიური არჩევნები (მოწყვლადი ჯგუფების ჩართულობა).

აღნიშნული ინიციატივის მიზანია 2017 წელს გასამართი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნებისთვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში სასწავლო პროექტები მიმდინარეობს ცესკოს სწავლების ცენტრის ჩართულობით, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური  პარტიების წარმომადგენლების სწავლებას შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ციკლი და საარჩევნო ოპერაციების მართვა (საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელი და უფლებამოსილებები); კენჭისყრის დღე და კენჭისყრის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპები; არჩევნების საანდოობა და უსაფრთხოება.

სასწავლო პროექტები ქვეყნის მასშტაბით (73 საარჩევნო ოლქში) ხორციელდება. ამ ეტაპისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე  პოლიტიკური პარტიების 1898-მა წარმომადგენელმა. კონტრიბუციის სახით ცესკოს სწავლების ცენტრი ახორციელებს სასწავლო პროცესის მხარდაჭერას  სურდოთარგმანის უზრუნველყოფით.  

გრაფიკები იხილეთ ბმულზე.

 

სულ: 6 ფოტო