A
A A A
a A

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ გაიხსნა

23 მუნიციპალიტეტში დღეს „საარჩევნო განვითარების სკოლა“ გაიხსნა. სასწავლო კურსის ფარგლებში 500-ზე მეტი ახალგაზრდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღებს ცოდნას, როგორიც არის საარჩევნო სისტემები, საარჩევნო ადმინისტრაცია, დემოკრატიული საარჩევნო პრინციპები, არჩევითი ორგანოები საქართველოში, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების გამჭვირვალობა და ხელმისაწვდომობა, გენდერული თანასწორობა, ასევე ევროპარლამენტის არჩევნები.

წეროვანის დასახლებაში, “საარჩევნო განვითარების სკოლის“ მონაწილეებს დღეს ცესკოს თავმჯდომარე მიესალმა. აღსანიშნავია, რომ წეროვანში წელს პირველად იმართება სასწავლო კურსი. „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ასევე პირველად ხორციელდება ახმეტაში, სადაც პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდები იღებენ მონაწილეობას.

პროექტი წელს უკვე მესამედ ტარდება. მისი მიზანი საარჩევნო პროცესებში სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა და ახალგაზრდების დაინტერესებაა. გარდა ამისა, აღნიშნული ინიციატივა საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, უფრო მეტ ახალგაზრდას გაუზიაროს საკუთარი პროფესიული გამოცდილება.

„საარჩევნო განვითარების სკოლა“ 2015 წელს 10 საარჩევნო ოლქში დაიწყო. პროექტის მიმართ მზარდი ინტერესის გამო 2016 წელს ის 20 მუნიციპალიტეტში  განხორციელდა, წელს კი ეს რაოდენობა 23-მდე გაიზარდა. სასწავლო კურსი ტარდება გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი - დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში.

პროექტი ევროპის საბჭოს (CoE) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. წელს უკვე მეორედ, ცესკომ პროექტის განსახორციელებლად ევროსაბჭოს პირდაპირი გრანტი მიიღო. პროექტს ცესკო და სწავლების ცენტრი, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით ახორციელებენ.

სწავლება 17 ივლისიდან 28 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. 

სულ: 12 ფოტო