A
A A A
a A

მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის წესები და უფლებები

მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის წესები და უფლებები

რამდენიმე საარჩევნო ოლქში მომუშავე პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

ერთ საარჩევნო ოლქში მომუშავე მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

  • განცხადება აკრედიტაციის შესახებ წარედგინება შესაბამის საარჩევნო კომისიას კენჭისყრის დღემდე არა უგვიანეს მე-3 დღისა. განცხადებას უნდა ერთოდეს წარმომადგენლების პირადობის მოწმობების ან პასპორტების ფოტოასლები.
  • განცხადების წარდგენიდან 1 დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს.

აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში, იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას (განკარგულებაში უარი დასაბუთებული უნდა იყოს).

კენჭისყრის დღეს პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების ერთსა და იმავე ორგანიზაციას უფლება აქვს, საარჩევნო უბანში ერთდროულად ჰყავდეს არა უმეტეს 3 წარმომადგენლისა.

აკრედიტებული პრესის ან მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის საარჩევნო სუბიექტად ან/და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრაციაში გატარების შემთხვევაში, რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა, პრესისა/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალება ვალდებულია შესაბამის საარჩევნო კომისიას წარუდგინოს დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება, რომ საარჩევნო სუბიექტად/სუბიექტის წარმომადგენლად რეგისტრირებულ პრესის/ მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების ხელმძღვანელობის/წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირს შეუწყდა ან შეუწყდება უფლებამოსილება. ამ დოკუმენტის წარუდგენლობა შესაბამისი პრესის/მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალების აკრედიტაციის გაუქმების საფუძველია.


მედიის
 წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

თავისუფლად და დაუბრკოლებლად დააკვირდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას. გააშუქონ კენჭისყრის დღე, კენჭისყრის დღემდე პერიოდი და კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდი.

შესაბამის საარჩევნო კომისიაში აკრედიტებულ მედიის წარმომადგენლებს უფლება აქვთ:

  • დაესწრონ საარჩევნო კომისიების სხდომებს;
  • კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდნენ კენჭისყრის შენობაში;
  • შეუზღუდავად გადაადგილდნენ საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად, კენჭისყრის პროცესისთვის ხელისშეუშლელად, დააკვირდნენ კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს.

 

მედიის წარმომადგენლებს უფლება არ აქვთ:

  • ჩაერიონ საარჩევნო კომისიის ფუნქციებსა და საქმიანობაში;
  • გავლენა მოახდინონ ამომრჩეველთა მიერ ნების თავისუფალ გამოვლენაზე;
  • აგიტაცია გაუწიონ ამომრჩეველს რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სასარგებლოდ ან საწინააღმდეგოდ;
  • ატარონ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის სიმბოლიკა და ნიშანი;
  • კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში იმყოფებოდნენ სამკერდე ნიშნის გარეშე.

 

ყურადღება!

საარჩევნო კომისიას უფლება აქვს, კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლისა და წესრიგის დარღვევის შემთხვევაში, მედიის წარმომადგენელი გააძევოს კომისიის განთავსების შენობიდან.

რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე: media@cec.gov.ge