A
A A A
a A

არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი

არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა აკრედიტაციის წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო

  1. ამ წესის მიზანს წარმოადგენს არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომებზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა (შემდგომში – „მედიასაშუალებები“) აკრედიტაცია.
  2. არასაარჩევნო პეროდში განაცხადების წარდგენა აკრედიტაციის მოსაპოვებლად, შესაბამის საარჩევნო კომისიებში, შესაძლებელია სამუშაო დღის 18:00 საათამდე.
  3. აკრედიტაციის მოსაპოვებლად შესაბამისი ინფორმაცია და საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, აგრეთვე განაცხადის წარდგენის წესი ქვეყნდება ცესკოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ, ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) არასაარჩევნო პერიოდი – კალენდარული წელი, გარდა საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” განსაზღვრული საარჩევნო პერიოდისა;

ბ) საარჩევნო კომისია – ცესკო და საოლქო საარჩევნო კომისიები.

მუხლი 3. აკრედიტაცია

1. ცესკოს ან/და იმავდროულად ერთი ან ერთზე მეტი საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების და კომისიის სხდომების გადაღების მიზნით მედიასაშუალებების წარმომადგენლების აკრედიტაციას ახორციელებს ცესკოს მდივანი, ხოლო ერთი საოლქო საარჩევნო კომისიის შემთხვევაში – შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

2. საარჩევნო კომისიაში აკრედიტაციის მისაღებად, მედიასაშუალების ხელმძღვანელმა პირმა ორგანიზაციის სატიტულო ფურცელზე შესრულებული განცხადება უნდა წარადგინოს ამ მუხლით განსაზღვრული შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე.

3.შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი, განცხადებას აკრედიტაციის გაცემის თაობაზე განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი განაცხადის კომისიაში შემოსვლიდან არაუადრეს 7 და არაუგვიანეს 14 სამუშაო დღისა, რომელიც ფორმდება შესაბამისი კომისიის მდივნის განკარგულებით.

4. ერთ მედიასაშუალებას საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრებისა და კომისიის სხდომაზე გადაღების მიზნით შეუძლია აკრედიტაციისათვის წარადგინოს მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია, რომელთაგან ერთდროულად არაუმეტეს 3 წარმომადგენლისა ესწრება კომისიის სხდომას.

5. განცხადებას უნდა დაერთოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში/საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მედიასაშუალების სააგენტოში რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო ქონების საფუძველზე ტელერადიომაუწყებლობისათვის შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში   განცხადებას   უნდა   დაერთოს        განცხადების  ხელმომწერი  პირის წარმომადგენლობაზე/ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) მედიასაშუალების სრული დასახელება;

ბ) მედიასაშუალების წარმომადგენელთა სია (სახელი, გვარი, პირადი ნომერი);

გ) მედიასაშუალების საფოსტო მისამართი, საკონტაქტო ტელეფონი, ასევე ელექტრონული ფოსტის მისამართი და ვებგვერდის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

7. განაცხადის ფორმას უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

მედიასაშუალების წარმომადგენელთა პირადობის მოწმობის/პასპორტის ფოტოასლები;

მედიასაშუალების წარმომადგენლების ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია, ზომით 3x4.

8. იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი განცხადება ან/და ამ მუხლის მე-4-მე-7 პუნქტებით განსაზღვრული დოკუმენტაცია არ შეესაბამება ამ დადგენილებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მედიასაშუალებას/მედიასაშუალების შესაბამის წარმომადგენელს უარი ეთქმება აკრედიტაციის მიღებაზე.

9. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი გადაწყვეტილების მიღებიდან 1 დღის ვადაში მედიასაშუალებას, მისი მოთხოვნის შემთხვევაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

მუხლი 4. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის გაცემის პირობები

აკრედიტაციის მოწმობების გაცემას ცესკოში უზრუნველყოფს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიაში, შესაბამისი კომისიის მდივანი.

მუხლი 5. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადა

1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ვადაა აკრედიტაციის მოწმობის გაცემიდან 1 წელი.

2. საარჩევნო პერიოდში მედიასაშუალებების ამ წესით დადგენილი აკრედიტაციის მოქმედება ჩერდება და მათი მოქმედება განახლდება საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადით.

3. 21. ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით მიღებული აკრედიტაციის მოქმედება ასევე შეჩერდება შუალედური არჩევნების/მერის რიგგარეშე არჩევნების დროს, იმ საარჩევნო ოლქში/ოლქებში, სადაც ასეთი არჩევნები იმართება და განახლდება შესაბამისი საარჩევნო პერიოდის დასრულებიდან აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის მოქმედების ვადით.

4. მედიასაშუალებების აკრედიტაცია საარჩევნო პერიოდში განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 44-ე მუხლის შესაბამისად.

მუხლი 6. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა

1. აკრედიტაციის დამადასტურებელი მოწმობის ფორმა მტკიცდება ცესკოს განკარგულებით და ძალაშია მედიასაშუალების წარმომადგენლის პირადობის მოწმობასთან/პასპორტთან ერთად.

2. სააკრედიტაციო მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში, მედიასაშუალების ხელმძღვანელი, ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას/შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიას. ახალი მოწმობის გაცემის საკითხი განიხილება 14 სამუშაო დღის განმავლობაში.

მუხლი 7. წარმომადგენლების შეცვლა/დამატება

აკრედიტებული მედიასაშუალებების მიერ, წარმომადგენლების შეცვლა/დამატება, შესაძლებელია ამ აკრედიტებული მედიასაშუალების მიერ წარდგენილი წერილობითი განცხადების საფუძველზე, ამ წესით განსაზღვრული პროცედურების გათვალისწინებით.

მუხლი 8. აკრედიტებული მედიასაშუალებისთვის აკრედიტაციის გაუქმება

1. აკრედიტებული მედიასაშუალების წარმომადგენლის ცვლილების შემთხვევაში, მედიასაშუალება ვალდებულია აცნობოს შესაბამის საარჩევნო კომისიას, რის თაობაზეც კომისიის მდივანი გამოსცემს აქტს, ამ პირის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.

2. მედიასაშუალებამ, აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში, უნდა მიმართოს იმ კომისიის მდივანს, რომელმაც მოახდინა ამ ორგანიზაციის აკრედიტაცია. აკრედიტაციის გაუქმების საკითხის განხილვაზე მოქმედებს იგივე ვადები, რაც განსაზღვრულია აკრედიტაციისთვის.