A
A A A
a A

ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებისთვის

ცესკოში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობისთვის შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში შედიან, ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფის კოორდინირებულ საქმიანობას ახორციელებს ცესკოს კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტი. სამუშაო ჯგუფი თავის საქმიანობას წარმართავს ცესკოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის დებულებით.

ცესკო, საქართველოს ორგანული კანონის - ,,საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, მე-14 მუხლის, პირველი პუნქტის „ხ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამტკიცებს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმას. სამოქმედო გეგმაში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად განსაზღვრულია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა მიმართ განსახორციელებელი  საქმიანობები.

მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული 12 საოლქო საარჩევნო კომისიაში შექმნილია 345 საარჩევნო უბანი, კერძოდ:

  • ქართულ-აზერბაიჯანული – 208 უბანი;
  • ქართულ-სომხური – 133 უბანი;
  • ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული – 4 უბანი.

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული საარჩევნო უბნები

 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისები

ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი ამომრჩევლებისთვის ქართულ-სომხურ, ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანულ ენებზე კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:

  • საარჩევნო ბიულეტენი;
  • ბიულეტენის შევსების წესი;
  • კენჭისყრის შენობისა და პროცედურების ამსახველი პოსტერი;
  • ამომრჩეველთა ერთიანი სია (კედელზე გასაკრავი და სამაგიდო).

 

საუბნო საარჩევნო კომისიის სომხურ და აზერბაიჯანულ ენოვანი წევრებისთვის (ქართულ-სომხურ და ქართულ-აზერბაიჯანულ ენებზე) ხელმისაწვდომია:

  • საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია;
  • ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის ფუნქციები;
  • საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის უფლებამოსილებები კენჭისყრის დღეს;
  • ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის ფუნქციები;
  • საარჩევნო ყუთის და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის ფუნქციები;
  • გადასატანი საარჩევნო ყუთის თანმხლები კომისიის წევრის ფუნქციები;
  • სასწავლო მოდული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისათვის შშმ ამომრჩევლებთან საუბრის ეტიკეტისა და ქცევის ნორმების დაცვის შესახებ;
  • სასწავლო ფილმი ,,კენჭისყრის დღის პროცედურები“ სუბტიტრებით.

 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აზერბაიჯანულ და სომხურ ენოვანი ამომრჩევლების ინფორმირებისთვის ცესკო უზრუნველყოფს:

  • ყველა საინფორმაციო ვიდეო რგოლის თარგმნას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. აღნიშნული ვიდეო რგოლების განთავსებას, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის, ისე სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო-ქართლის რეგიონების ტელევიზიების ეთერში;
  • აზერბაიჯანულ და სომხურ ენოვან ბეჭდურ მედიაში ინფორმაციის განთავსებას;
  • კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში მცხოვრები სომეხი და აზერბაიჯანელი ამომრჩევლებისთვის ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული მონაცემების ხელმისაწვდომობას;
  • საარჩევნო პერიოდში, ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრის საშუალებით, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდებას;
  • ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში ამომრჩევლებთან შეხვედრების გამართვას (სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონები) საარჩევნო პროცედურების შესახებ.