A
A A A
a A

ცესკომ ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღეს, ამომრჩეველთა შესახებ განახლებული მონაცემები მიიღო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძეს მონაცემების ელექტრონული ვერსია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ სოსო გიორგაძემ და თავმჯდომარის მოადგილე მამუკა სამხარაძემ გადასცეს.

სააგენტომ ცესკოს 3 496 461 პოტენციური ამომრჩევლის მონაცემები გადასცა. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ მონაცემების საფუძველზე კიდევ ერთხელ განაახლებს ამომრჩეველთა ერთიან სიას.

„დღეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მოგვაწოდა საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეების ბოლო მონაცემები. აღნიშნული მონაცემები დამუშავდება ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ. არჩევნების დღემდე ბოლო 12 დღის განმავლობაში ამომრჩეველთა სიაში არანაირი ცვლილება აღარ განხორციელდება და არჩევნებისთვის ამომრჩეველთა სია ამ მონაცემების მიხედვით დაიბეჭდება,“- განაცხადა თამარ ჟვანიამ.

„არსებული მონაცემები შეიცავს 2 700 000-მდე ბიომეტრიულ მონაცემს, რაც ნიშნავს, რომ 2 700 000 ბიომეტრიული სურათია ბაზაში. ბიომეტრიული სურათი არის საუკეთესო საშუალება საარჩევნო უბანზე მისული ამომრჩევლის იდენტიფიცირებისთვის. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ამომრჩეველთა სიაში არ იქნება გაორებული მონაცემები. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს არის ყველაზე სრულყოფილი ამომრჩეველთა ერთიანი სია და ეს არის რეალობა რომელიც გამყარებულია კონკრეტული ფაქტებით, ციფრებითა და რა თქმა უნდა ბიომეტრიული სურათებით“,-აღნიშნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ.

მონაცემების დამუშავების შემდეგ, ამომრჩეველთა განახლებული სიების საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია ხელმისაწვდომია საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებისთვის, საარჩევნო ბლოკებისთვის, საინიციატივო ჯგუფებისთვის, საარჩევნო კანონმდებლობით განსაზღვრული დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და ამომრჩევლებისთვის.

სულ: 5 ფოტო