A
A A A
a A

ცესკოს თავმჯდომარის ვიზიტი ვაშინგტონში

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტისას სამუშაო შეხვედრები გამართა.

თამარ ჟვანია ორ ოქტომბერს კონგრესში შეხვდა საგარეო საქმეთა კომიტეტის ტერორიზმის, ვაჭრობისა და გაუვრცელებლობის ქვეკომიტეტის აპარატის დირექტორს ორენ ადიკს, საგარეო საქმეთა კომიტეტის ევროპის, აზიისა და ზრდადი საფრთხეების ქვეკომიტეტის წევრს სკოტ კულინეინსს და კონგრესის წევრის თანაშემწეს იურიდიულ საკითხებში მოლი კლერ კოულს.

სამ ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარეს მრგვალი მაგიდის ფორმატში შეხვედრები ჰქონდა სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომადგენლებთან, რომელსაც ორგანიზება აშშ-ში საქართველოს საელჩომ და USAID-მა გაუწიეს.

განხილვების ძირითადი თემა საქართველოში საარჩევნო გარემო და 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო. თამარ ჟვანიამ შეხვედრების მონაწილეებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ საქმიანობებზე.

ცესკოს თავმჯდომარე ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით 2-4 ოქტომბერს იმყოფებოდა, სადაც საარჩევნო პროცესების განვითარების ხელშეწყობისთვის მას ჯო სი ბაქსტერის ჯილდო გადაეცა.

სულ: 2 ფოტო