12 ოქტომბრის სხდომის შედეგები
12 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ცვლილებები შეიტანა დადგენილებაში „მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე“ (ცესკოს 2017 წლის 22 აგვისტოს №37/2017 დადგენილება).
დღევანდელ სხდომაზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები აირჩიეს და მათი უფლებამოსილება განსაზღვრეს.
2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისთვის საერთაშორისო დამკვირვებელ ორგანიზაციებად ცესკომ - იტალიის საელჩო საქართველოში, საფრანგეთის საელჩო საქართველოში, შვედეთის საელჩო საქართველოში და „დემოკრატიისა და დემოკრატიზაციის საერთაშორისო ცენტრი (ICEDD)“ დაარეგისტრირა.
ადგილობრივ დამკვირვებლებად კი შემდეგი ორგანიზაციები დარეგისტრირდნენ:
- „ყველა ერთად“
- „ადამიანთა უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობა“
- „საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება - ლაზარე“
- „საქართველოს ადამიანთა და პატიმართა უფლებების დაცვის საზოგადოება“
- ასოციაცია „თავისუფალი თაობა“
- „საქართველოს კონსტიტუციურ-დემოკრატთა ასოციაცია“
- „მედია კომუნიკატორი“
- „თავისუფალი დემოკრატიული ინსტიტუტი“
- „ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“
- „ეროვნული დემოკრატიის საზოგადოებრივი დარბაზი“
- „ჩვენ საქართველოს მოქალაქენი“
- „სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი“
- „არკადი (ბადრი) პატარკაციშვილის საარჩევნო შტაბი“
- „ქართველ სომეხთა უფლებათა დაცვის ასოციაცია“
დღეს გამართულ სხდომაზე, კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და გააუქმა ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიერ 2017 წლის 27 სექტემბერს მიღებული №131 გადაწყვეტილება; ამასთან №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს დაევალა საჩივარში დასახელებული მოწმის გამოკითხვა და საქმეში არსებული მასალების შესწავლის შედეგად ახალი გადაწყვეტილების მიღება; მომჩივანის მოთხოვნა №62 ჩოხატაურის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების ნაწილში კი უსაფუძვლობის გამო არ დაკმაყოფილდა.
რაც შეეხება „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ საჩივრებს, კომისიამ მათი მოთხოვნა ქ.ყვარლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მიმართ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის თაობაზე უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა №16 ყვარლის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2017 წლის 27 სექტემბრის №43 და №42 გადაწყვეტილებები.