A
A A A
a A

საინფორმაციო ბრიფინგი ცესკოში

ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით  10-მდე  წარმომადგენელი მივიდა, რომელთა აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული - ამის შესახებ ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა.

„ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა ორგანიზაცია „პრესს მედიის“ სახელით 10-მდე  წარმომადგენელი. აღსანიშნავია, რომ მათი აკრედიტაციის მოწმობები არ არის ოფიციალურად გაცემული, რაც სავარაუდოდ ნიშნავს, რომ ეს მოწმობები გაყალბებულია. მოვუწოდებთ არჩევნებში ყველა მხარეს რომ თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასეთი ფაქტების დაფიქსირების შემთხევაში, იქნება შესაბამისი რეაგირება“,- განაცხადა ანა მიქელაძემ.

ანა მიქელაძემ მედიის წარმომადგენლებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია  კენჭისყრის დღის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ყველა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ამომრჩევლებს აქვთ შესაძლებლობა თავისუფლად, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე განახორციელონ კონსტიტუციური უფლება და გამოხატონ საკუთარი ნება.

რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას, 10:00 საათის მდგომარეობით ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 6%, (231 736 ამომრჩეველი).

ანა მიქელაძემ ასევე კომენტარი გააკეთა არსებული პროცედურული ხარვეზების შესახებ:

„დმანისის #33 უბნის კომისიის წევრი მოყვა დილით ავარიაში. კანონმდებლობის შესაბმისად კომისიის მიერ არჩეულია კომისიის ახალი მდივანი და პროცესი ყველანაირი შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მთაწმინდის მე-6 უბანზე, სადაც 7 წუთის დაგვიანებით დაიწყო ხმის მიცემის პროცედურა, დაგვიანება გამოწვეული იყო იმით, რომ ამ უბანზე არის დარეგისტრირებული საქართველოს პრეზიდენტი. აღნიშნულ უბანზე ძალიან დიდი რაოდენობით დამკვირვებლები და მედია წარმომადგენლები იყვნენ და შესაბამისად, ცოტა მეტი დრო დასჭირდა მათი ინფორმაციის შეყვანას ჩანაწერთა წიგნში. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია რომ დუშეთის #28-ე უბანზე ბიულეტენში არ არის ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატი. გადავამოწმეთ აღნიშნული ინფორმაცია და სიმართლეს არ შეესაბამება“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

სულ: 2 ფოტო