A
A A A
a A

თამარ ჟვანიამ მედიას წინასწარი შედეგები 11:00 სთ-ის მდგომარეობით გააცნო

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საზოგადოებას, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნების წინასწარი შედეგები 22 ოქტომბრის 11:00 სთ-ის მდგომარეობით წარუდგინა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, 21 ოქტომბერს ამომრჩეველმა არჩევანი გააკეთა 64 საკრებულოს 2058 წევრის და 64 მერის ასარჩევად. ამომრჩეველთა აქტივობამ 45,65% (1 570 563) შეადგინა. რაც შეეხება გენდერულ სტატისტიკას, წინასწარი მონაცემებით კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 789 652-მა ქალმა (50,28%) და 780 911-მა კაცმა (49,72%).

„ხმების დათვლის პროცესმა საარჩევნო უბნებზე ჩაიარა კანონის შესაბამისად. საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებსა და დამკვირვებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავისუფლად დაკვირვებოდნენ ხმების დათვლის პროცესს.

კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა და განსაკუთრებულ ინციდენტებს ადგილი არ ჰქონია, გარდა ცალკეული პროცედურული ხასიათის დარღვევებისა, რაზეც საარჩევნო ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ექნება შესაბამისი რეაგირება.

რაც მთავარია ამომრჩევლებს თავისუფლად შეეძლოთ მთელი დღის განმავლობაში საკუთარი ნების გამოხატვა.

საუბნო შემაჯამებელი ოქმების შედგენისთანავე, შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ ოქმები მოეწოდება ცესკოს და ისინი მიღებისთანავე იტვირთება სპეციალურ ვებ-გვერდზე www.results.cec.gov.ge.  

რაც შეეხება საჩივრებს, საერთო ჯამში ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ დროისთვის შესულია 309 საჩივარი. (ყველაზე მეტი რაოდენობის საჩივარი შევიდა მარნეულში, ვაკეში, ნაძალადევსა და ქუთაისში). საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენელთა მიერ. საჩივრები ძირითადად ეხება პროცედურულ ხარვეზებს და მათი ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილი საჩივრების უმეტესობის მოთხოვნა არის კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუმცა არის გარკვეული რაოდენობის  საჩივრები, რომელიც შეეხება პროცედურულ დარღვევებს, საჭიროებს შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას.

მთელი დღის განმავლობაში ცესკო იღებდა ინფორმაციას სხვადასხვა ფაქტების შესახებ, რომელთაგან უმრავლესობა ცესკომ გადაამოწმა. ამ ფაქტების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით კი ის ნაწილი რომლებიც პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების მიერ იქნა გაჟღერებული, გარკვეულ შემთხვევებში არ დადასტურდა, თუმცა იყო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ დაფიქსირებული შემთხვევები, რომლებიც დადასტურებულია. მათი მხრიდან იყო დროული კომუნიკაცია, ინფორმირება და ცხადია იმ შემთხვევებში სადაც შესაძლებელი იყო, საარჩევნო ადმინისტრაციას ჰქონდა მყისიერი რეაგირება. და, რა თქმა უნდა, საარჩევნო ადმინისტრაციას მომავალშიც ექნება შესაბამისი რეაგირება დარღვევებზე, რომლებიც საჭიროებს შემდგომ ყურადღებას.  

მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, მივიდა არჩევნებზე და გამოხატა საკუთარი კონსტიტუციური ნება.  მინდა ასევე მადლობა გადავუხადო საარჩევნო ადმინისტრაციას, რომელმაც მთელი დღისა და ღამის განმავლობაში დაუღალავად იმუშავა, ცხადია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, რომლებიც აკვირდებოდნენ საარჩევნო პროცესის მიმდინარეობას, რითაც ხელი შეუწყვეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ და პროფესიულ დონეზე წარმართვას. მინდა, ასევე განსაკუთრებული მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს საარჩევნო პროცესის გაშუქებისთვის და საარჩევნო ადმინისტრაციასთან თანამშრომლობისთვის“, - განაცხადა თამარ ჟვანიამ.   

ცესკოს თავმჯდომარემ მედიას ასევე მიაწოდა ინფორმაცია იმ ოლქების შესახებ, სადაც წინასწარი მონაცემებით, სავარაუდოდ მეორე ტურები გაიმართება, ესენია:

#29 ყაზბეგის საარჩევნო ოლქი, #35 ხაშურის საარჩევნო ოლქი, #36 ბორჯომის საარჩევნო ოლქი, #60 ოზურგეთის საარჩევნო ოლქი, #59 ქუთაისის საარჩევნო ოლქი და #65 მარტვილის საარჩევნო ოლქი.  

http://results.cec.gov.ge/