A
A A A
a A

1 ნოემბრის სხდომის შედეგები

1 ნოემბერს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის და საქართველოს დედაქალაქის - ქალაქ თბილისის საკრებულოს პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაჯამა.

21 ოქტომბრის არჩევნების შედეგების მიხედვით ქალაქ თბილისის მერად არჩეულია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მიერ წარდგენილი კახა კალაძე, ამომრჩეველთა 204 061 ხმით (51.09 %).

პროპორციული საარჩევნო სისტემით თბილისის საკრებულოს 25 მანდატი კი შემდეგნაირად გადანაწილდა:

  1. ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო - 205 994 ხმა (53.15 %) - 15 მანდატი
  2. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - 68 432 ხმა (17.66 %) - 5 მანდატი
  3. ბაქრაძე, უგულავა - ევროპული საქართველო - 35 586 ხმა (9.18 %) - 3 მანდატი
  4. დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 21 775 ხმა (5.62 %) - 2 მანდატი

თბილისის მერისა და საქართველოს დედაქალაქის - ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 411 847-მა ამომრჩეველმა.

დღესვე დაინიშნა 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური; თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის და თვითმმართველი თემების ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების არჩევნების მეორე ტური გაიმართება 2017 წლის 12 ნოემბერს.

სხდომაზე კომისიამ თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისთვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიება და ვადა დაადგინა.

ცესკოს გადაწყვეტილებით განისაზღვრა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხის განაწილების და გამოყენების წესი; ასევე განისაზღვრა ზოგიერთი საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და გამოყენების წესიც.