A
A A A
a A

12 ნოემბერს თვითმმართველი ქალაქის/თვითთმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მე-2 ტური გაიმართება

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ თვითმმართველი ქალაქის - ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მერების 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური დანიშნა. როგორც დღეს ცესკოში გამართულ სხდომაზე განისაზღვრა, - არჩევნების მეორე ტური მიმდინარე წლის 12 ნოემბერს გაიმართება.

საერთო ჯამში არჩევნების მეორე ტური ჩატარდება 317 საარჩევნო უბანზე, ხოლო რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობა ექვსივე საარჩევნო ოლქში 328 304-ს შეადგენს.

დღეს გამართულ სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დაადგინა, რომ მეორე ტურში მონაწილე ამომრჩევლები ხმას მისცემენ 2017 წლის 21 ოქტომბერს არსებული ამომრჩეველთა სიების მიხედვით. მასში ცვლილებები შეიტანება მხოლოდ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, ცესკოსთვის მოწოდებული საქართველოს მოქალაქეთა იმ მონაცემების შესაბამისად, რომლებსაც 21 ოქტომბრის შემდეგ შეუსრულდათ ან მეორე ტურის გამართვის დღისთვის შეუსრულდებათ 18 წელი. აგრეთვე, ამავე პერიოდში გარდაცვლილ პირთა შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

იმ საარჩევნო ოლქებში, სადაც მეორე ტურები უნდა გაიმართოს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრებს უგრძელდებათ უფლებამოსილების ვადა არჩევნების მეორე ტურის შედეგების შემაჯამებელი ოქმის გამოცხადების დღის ჩათვლით. რაც შეეხება საუბნო საარჩევნო კომისიებს მეორე ტურისთვის კომისიის უფლებამოსილებებს განახორციელებენ პირველი ტურისთვის შექმნილი შესაბამისი საუბნო საარჩევნო კომისიები.

აღსანიშნავია, რომ მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების უფლებამოსილების ვადა იმ საარჩევნო კომისიებში, სადაც მეორე ტური იმართება, გაგრძელდება მეორე ტურის შედეგების გასაჩივრების ვადების ამოწურვამდე.

როგორც დღეს ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, რეგისტრაციის ვადა უგრძელდებათ რეგისტრირებულ სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებსაც. გარდა ამისა, სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციებს უფლება აქვთ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-3 დღისა (9 ნოემბერი) წარმოადგინონ მათი დამკვირვებლებისა და მედია წარმომადგენლების დამატებითი სიები.

 

სულ: 5 ფოტო