A
A A A
a A

საერთაშორისო რეგიონული კონფერენცია თემაზე - „ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო პროცესში - დემოკრატიული არჩევნების მთავარი გამოწვევა“

„ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება საარჩევნო პროცესში - დემოკრატიული არჩევნების მთავარი გამოწვევა“ - ამ სახელწოდების საერთაშორისო რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ, ცესკოს სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსმა გიორგი კალანდარიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების და პროტოკოლის განყოფილების უფროსმა თამარ კაპანაძემ.

კონფერენციის ფარგლებში მონაწილეებმა საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საერთაშორისო გამოცდილებაზე, პრობლემის პრევენციასა და გადაჭრის გზებზე იმსჯელეს. განიხილეს ამ თვალსაზრისით სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციებიც.

კონფერენციაზე პრეზენტაციით წარსდგა ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, რომელმაც საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებასთან დაკავშირებით საქართველოში არსებულ პრაქტიკაზე ისაუბრა. მან ყურადღება გაამახვილა იმ აქტივობებზე, რასაც საარჩევნო ადმინისტრაცია ამ პრობლემის პრევენციის მიზნით ახორციელებს. თამარ ჟვანიამ იმ საკანონმდებლო ჩარჩოზე ისაუბრა, რომელიც ამ თვალსაზრისით საქართველოში მოქმედებს.

კონფერენციაზე საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. საარჩევნო სფეროს ექსპერტებმა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია, მისი მიღწევების გათვალისწინებით, რეგიონში ლიდერად დაასახელეს. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გაწეული საქმიანობა  დადებით შეფასებას იმსახურებს. 

კონფერენცია 9-10 ნოემბერს, ლონდონში, გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის შენობაში გაიმართა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ვენეციის კომისიის მიერ, ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესთან თანამშრომლობით იყო ორგანიზებული. 

ღონისძიებაში მონაწილეობდნენ საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, ასევე საკანონმდებლო ორგანოს, პარლამენტის წევრები და სამოქალაქო სექტორი შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, ბელარუსი, აზერბაიჯანი და სომხეთი; კონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ საარჩევნო საკითხებზე მომუშავე ექსპერტები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან (PACE), ევროსაბჭოს ვენეციის კომისიიდან, ევროსაბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესიდან და ეუთო/ოდირიდან.

სულ: 5 ფოტო