A
A A A
a A

საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - არჩევნებზე დაკვირვება და საარჩევნო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, სადაც განხილვის მთავარი თემები არჩევნებზე დაკვირვება და საარჩევნო პროცესებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენება იყო. ვენაში, (ავსტრია) ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ორგანიზებით გამართულ სემინარზე ძირითადი მსჯელობის საკითხები იყო დემოკრატიული არჩევნებისთვის აუცილებელი საერთაშორისო ვალდებულებები და სტანდარტები, ასევე წარმატებული გამოცდილება და გამოწვევები.  

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას თამარ ჟვანიამ ყურადღება სწორედ საარჩევნო გარემოს განვითარების კუთხით განხორციელებულ მიღწევებზე გაამახვილა და არსებულ გამოწვევებზეც ისაუბრა; მან პრეზენტაციის წარდგენისას, ასევე აღნიშნა ის აქტივობები, რითაც ადმინისტრაციამ საკუთარ საქმიანობაში სრულად გაითვალისწინა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციები.

კონფერენციაში მონაწილეობა ეუთოს (OSCE) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა, საარჩევნო ექსპერტებმა, სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების, საპარლამენტო ასამბლეების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. სიტყვით გამომსვლელებს შორის იყვნენ ავსტრიის სადამკვირვებლო (Wahlbeobachtung.org) ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრი მაიკლ ლიდაუერი, ასევე ტომას ჰიკსი - ამერიკის შეერთებული შტატების არჩევნების ხელშეწყობის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, როგორიცაა სხვადასხვა საერთაშორისო ვალდებულებები და სტანდარტები, რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიული არჩევნების ორგანიზებას და ბოლო წლების განმავლობაში თუ როგორ გაიზარდა ტექნოლოგიების გამოყენება საარჩევნო პროცესებში.

ავსტრიის დედაქალაქში კონფერენცია 28 ნოემბერს გაიმართა.

სულ: 2 ფოტო