A
A A A
a A

ევროპის საბჭოს ზამთრის სკოლა - ხმის მიცემის ახალი ტექნოლოგიები

ევროპის საბჭოს ორგანიზებით თბილისში 5 დღიანი სემინარი გაიმართა, სადაც ხმის მიცემის ახალ ტექნოლოგიებს განიხილავდნენ. ღონისძიებაში, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი, მოლდოვა, უკრაინა, ბელორუსი) ექსპერტები, საარჩევნო ადმინისტრაციებისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

სემინარი ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანიამ  და ევროპის საბჭოს პროგრამების მენეჯერმა, კორნელია პერლემ გახსნეს. თამარ ჟვანიამ ხმის მიცემის პროცესში ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე ისაუბრა და საარჩევნო პროცესებში ჩართული მხარეების მხრიდან ნდობაზე გაამახვილა ყურადღება.  „ტექნოლოგიების სწრაფმა განვითარებამ მოგვცა უამრავი შესაძლებლობა, რომ გავამარტივოთ საარჩევნო პროცედურები და ამასთან გავზარდოთ მათი ეფექტურობა. თუმცა, ამ პროცესის მიმართ ნდობა ყოველთვის განხილვისა და დებატების საგანია. სწორედ ამიტომ,  ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გამოვიყენოთ ყველა საშუალება იმისთვის, რომ  გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიმუშაოთ, რათა გავზარდოთ ცნობიერება საარჩევნო პროცესებთან დაკავშირებული გამოწვევების და ასევე მიღწეული წარმატებების შესახებ“ - აღნიშნა თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას.  

სემინარში ცესკოს პროგრამული უზრუნველყოფისა და კომპიუტერული ქსელების მართვის განყოფილების უფროსი,  რუსუდან ლელაშვილი და მონაცემთა ბაზების მართვის განყოფილების უფროსი, ვიქტორ კახნიაშვილი მონაწილეობდნენ.  5-დღიანი ღონისძიება, ასევე მოიცავდა საკითხებს ამომრჩეველთა რეგისტრაციაზე, არჩევნების შედეგების შეჯამებაზე და საარჩევნო პროცესის მართვის თაობაზე. შეხვედრებზე საარჩევნო სადამკვირვებლო მეთოდოლოგიებსაც განიხილავდნენ.

 

სულ: 10 ფოტო