A
A A A
a A

შეხვედრა ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტთან დაკავშირებით

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში მონაწილე პარტიების წარმომადგენლებს ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი გააცნო. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ შეხვედრაზე განმარტა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის ახალი ინიციატივა ელექტრონული ხმის დათვლის პრაქტიკულ განხორციელებას 2018 წლის 13 მაისის შუალედურ არჩევნებზე გულისხმობს, რაც კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ოფიციალური შედეგების დასათვლელად, ასევე განხორციელდება საარჩევნო კანონმდებლობით დადგენილი ხმის დათვლის პროცედურები.  

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის პროექტთან დაკავშირებით დეტალური პრეზენტაცია ცესკოს საარჩევნო პროცესებისა და საოქმო შედეგების განყოფილების უფროსმა მაია ფარქოსაძემ წარადგინა. როგორც მან აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს კვლევის საფუძველზე დაადგინოს თუ რამდენად მისაღები და გასაგები იქნება ამომრჩევლებისთვის და ჩართული მხარეებისთვის ახალი ტექნოლოგიები.

საარჩევნო ადმინისტრაციას, გარდამავალ პერიოდში მიეცა უფლებამოსილება საქართველოს პარლამენტის არჩევნებამდე განეხორციელებინა ქმედებები საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობის საკითხებში (საარჩევნო კოდექსის 18516 მუხლის თანახმად) და აქედან გამომდინარე ცესკოს შესაბამისმა დეპარტამენტებმა და სწავლების ცენტრმა საპილოტე პროექტის განხორციელების მიზნით შესაბამისი პროცედურებიც შეიმუშავეს.

აღნიშნული საპილოტე პროექტის განხორციელებით საარჩევნო ადმინისტრაცია მიზნად ისახავს თანამედროვე და წარმატებული საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში ეტაპობრივად ინტეგრირების შესაძლებლობების განხილვას. 

ელექტრონული ხმის დათვლის საპილოტე პროექტი, საარჩევნო ტექნოლოგიებზე ორიენტირებულ, კანადურ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია „DELIAN“-თან თანამშრომლობით და კანადის მთავრობის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

სულ: 23 ფოტო