A
A A A
a A

ცესკოს თავმჯდომარის ვიზიტი ჟენევაში

„არჩევნები მშვიდობისათვის“ - ამ სახელწოდების ღონისძიებაში მიიღო ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მონაწილეობა, რომელიც ორგანიზებული იყო შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA), შვეიცარიის მშვიდობის კვლევის ინსტიტუტისა (Swiss Peace) და შვეიცარიის სამაგისტრო ინსტიტუტის მიერ,  კოფი ანანის ფონდის მხარდაჭერით. ჟენევაში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საარჩევნო ადმინისტრატორები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც სხვადასხვა კუთხით არიან ჩართული დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაში.

შეხვედრების განხილვის მთავარი თემები იყო: კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და ტექნიკური დახმარება მშვიდობიანი არჩევნების მხარდასაჭერად, არჩევნები მშვიდობისა და დემოკრატიისთვის, პოლიტიკური მიდგომები და ა.შ.

აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით საკუთარ გამოცდილებასა და მოსაზრებებს ერთმანეთს საარჩევნო სფეროს გამოცდილი ფასილიტატორები, პრაქტიკოსები, სხვადასხვა თანამდებობის პირები, საარჩევნო მოხელეები და მკვლევარები უზიარებდნენ.

შეხვედრაში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის თამარ ჟვანიამ სიტყვით გამოსვლისას საქართველოს წარმატებულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და ისაუბრა როგორც მიღწევებზე ისე არსებულ გამოწვევებზე. ცესკოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით გაწეულ საქმიანობაზე გაამახვილა.

თამარ ჟვანია ჟენევაში ვიზიტით 8-10 აპრილს იმყოფებოდა.