A
A A A
a A

2 მაისის სხდომის შედეგები

2 მაისის სხდომაზე ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საინიციატივო ჯგუფის მიერ 2018 წლის 20 აპრილს წარმოდგენილი სარეფერენდუმო საკითხის - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?" ფორმულირება დააზუსტა. საინიციატივო ჯგუფმა (შემადგენლობით: ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, კახაბერ ჭიჭინაძე, მერაბ შათირიშვილი, დავით ნოზაძე, ირაკლი აბაშიძე, შოთა გლურჯიძე, ნიკოლოზ კიკნაველიძე) სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება უცვლელად დატოვა.

კომისიამ უსაფუძვლობის გამო არ დააკმაყოფილა 2018 წლის 19 აპრილს ჩატარებული სასერტიფიკაციო გამოცდის მონაწილის ნიკა ბიწაძის განცხადება, რომელიც ერთი ქულის მომატებას ითხოვდა, ვინაიდან მისი აზრით, მის მიერ გაცემული პასუხი შეიძლებოდა ჩათვლილიყო სწორ პასუხად.

დღესვე კომისიის წევრებმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნების ბიულეტენის ტექსტი დაადგინეს; სხდომაზე დამტკიცა საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი და კენჭისყრის დღის ჩანაწერთა წიგნის ფორმაც.

დღესვე, 2018 წლის 13 მაისის შუალედური არჩევნებისთვის ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციად  „კარგი მმართველობის ინსტიტუტი“ დარეგისტრირდა.