A
A A A
a A

13 მაისს №67 ზუგდიდის საარჩევნო ოლქის №67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება

13 მაისს №67-ე ზუგდიდის საარჩევნო ოლქის ცაიშის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ დღეს გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, კენჭისყრის დღეს საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს, კერძოდ, - ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს.

„ხმის ელექტრონული დათვლის სპეციფიკიდან გამომდინარე, ცესკომ ამ არჩევნებისთვის გამონაკლისის სახით დაადგინა ხმის მიცემის განსხვავებული პროცედურები. ხმის ელექტრონული დათვლა კვლევისა და უშუალოდ პროცესის შესაფასებლად ხორციელდება, რაც მიზნად ისახავს თანამედროვე საარჩევნო ტექნოლოგიების საქართველოს საარჩევნო პროცესში დანერგვის შესაძლებლობის შესწავლას“, - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა.

მისივე თქმით, საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება ცაიშის თემის 3 საარჩევნო უბანზე, სადაც ჯამში რეგისტრირებულია 2 819 ამომრჩეველი.

შუალედური არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 3 საარჩევნო სუბიექტი, 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი. არჩევნების დღეს გააშუქებს 15 მედიასაშუალების 255 წარმომადგენელი. ასევე 13 მაისის არჩევნებზე მონაწილე საარჩევნო სუბიექტების მიერ რეგისტრირებული დაკვირვების უფლების მქონე 28 წარმომადგენელი.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს იყვნენ აქტიურები და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამომრჩევლების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივების განხილვა.

თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული საარჩევნო პროცესის კვლევის შედეგები გაზიარებული და განხილული იქნება ჩართულ მხარეებთან და ფართო საზოგადოებასთან“, - აღნიშნა ანა მიქელაძემ.

ხმის დათვლის საპილოტე პროექტი კანადურ საერთაშორისო ორგანიზაცია DELLIAN-თან თანამშრომლობით ხორციელდება.