A
A A A
a A

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე

დღეს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო)გაფართოებული შეხვედრა გაიმართა ცესკოში შექმნილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებთან, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ აღნიშნული მიმართულებით. შეხვედრის მთავარ მიზანს წარმოადგენდა შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნების შეღწევადობასა და ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.

შეხვედრა, რომელსაც ცესკოს ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ, თამარ ჟვანიამ გახსნა. მან ჯგუფის წევრებთან ადაპტირებულ საარჩევნო უბნებთან დაკავშირებული საკითხები განიხილა, მათ შორის ადაპტირების შესაბამისობა, არსებული სტანდარტების დაცვა და  ამ კუთხით უბნების მონიტორინგის საჭიროება. ცესკოს მიერ შეხვედრის მონაწილეებს წარედგინათ მოსაზრება შესაძლო, დროებითი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე და ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის საარჩევნო უბნების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. ჯგუფის მონაწილეებთან საუბრისას ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ ყურადღება გაამახვილა კანონმდებლობით პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად კოორდინირებულ საქმიანობასა და საჭიროებაზე დაფუძნებული მონიტორინგის განხორციელების აუცილებლობაზე.

შეხვედრის მიმდინარეობისას, როგორც მონიტორინგის განხორციელების პროფესიულ სტანდარტებზე, ისე შესაძლო საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით  დისკუსია გაიმართა.  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მხარი დაუჭირეს ცესკოს პოზიციას ამ კუთხით განსახორციელებელ საქმიანობებთან დაკავშირებით და საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია შესაბამისი  კომპეტენციის ფარგლებში გაითვალისწინებს.

11 მაისს გამართულ შეხვედრას ცესკოში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები, სახალხო დამცველის ოფისის, განათლების და მეცნიერების და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროების, ქალაქ თბილისის მერიის წარმომადგენლები, იმ ადგილობრივ და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად ესწრებოდნენ, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების პირთა საკითხებზე მუშაობენ.

სულ: 10 ფოტო