A
A A A
a A

ცაიშის თემის მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის #67.27 ცაიშის თემის ადგილობრივ მაჟორიტარულ ოლქში საკრებულოს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. ცაიშის თემის სამი უბნის ამომრჩევლები დღეს საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ხმის დათვლის ელექტრონულ აპარატებს. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ მედიას განუცხადა, დიდწილად ამომრჩეველზეა დამოკიდებული, რამდენად ეფექტურად გამოიყენებს ელექტრონულ ტექნოლოგიებს საარჩევნო პროცესში. „ხმის ელექტრონული დათვლა კვლევის და უშუალოდ პროცესის შეფასების მიზნით ხორციელდება და მიზნად ისახავს საქართველოს საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის შესაძლებლობების განხილვას“ - აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ მედიასთან.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს თითოეულ მოქალაქეს იყვნენ აქტიურები და მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ამომრჩევლების ჩართულობა აღნიშნულ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, ვინაიდან სწორედ მათი დახმარებით იქნება შესაძლებელი ახალი საარჩევნო ტექნოლოგიების დანერგვის პერსპექტივების განხილვა” - განაცხადა ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ცაიშის თემის სამ საარჩევნო უბანზე 2 819 ამომრჩეველია რეგისტრირებული. კენჭისყრის პროცესს 20 ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის 77 და 3 საერთაშორისო ორგანიზაციის 10 დამკვირვებელი აკვირდება. 13 მაისის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციაში აკრედიტაცია გაიარა 15 მედიასაშუალების 255-მა წარმომადგენელმა.

სულ: 3 ფოტო