A
A A A
a A

16 მაისის სხდომის შედეგები

16 მაისს გამართულ სხდომაზე, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა სარეფერენდუმოდ წარმოდგენილი საკითხი: „თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?” და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის შემადგენლობა (ზვიად ტომარაძე, სოსო მანჯავიძე, კახაბერ ჭიჭინაძე, მერაბ შათირიშვილი, დავით ნოზაძე, ირაკლი აბაშიძე, შოთა გლურჯიძე, ნიკოლოზ კიკნაველიძე).

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა განცხადება, რომლითაც მოთხოვნილი იყო საინიციატივი ჯგუფის შემადგენლობისა და მის მიერ შემოთავაზებული სარეფერენდუმო საკითხის - "თანახმა ხართ თუ არა, რომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევა მოხდეს საყოველთაო, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე ფარული კენჭისყრით?" რეგისტრაციაში გატარება, ცესკოში მიმდინარე წლის 20 აპრილს შემოიტანეს, სარეფერენდუმო საკითხის ფორმულირება კი ცესკოს 2018 წლის 2 მაისის სხდომაზე დაზუსტდა.

დღევანდელ სხდომაზე კომისიამ, ცნობად მიიღო ინფორმაცია №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის გრიგოლ ბართაიას გარდაცვალების შესახებ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, №65 მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოცხადდა. საბუთების წარდგენა ცესკოში 2018 წლის 17 მაისიდან 28 მაისის ჩათვლით (18:00 საათამდე) იქნება შესაძლებელი (მის.: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-13 კმ.).

დღესვე კომისიამ საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სასერტიფიკაციო გამოცდის ჩატარების ვადების განსაზღვრის შესახებ მიიღო განკარგულება.