A
A A A
a A

თამარ ჟვანია „ახალგაზრდების გაძლიერების ლაბორატორიის“ წევრებს შეხვდა

16 მაისს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ღია კარის დღე გაიმართა. საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) ინიციატივით დაარსებული „ახალგაზრდების გაძლიერების ლაბორატორიის“ წევრებს (ლაბორატორიაში ერთიანდებიან სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტები) ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია შეხვდა. მან სტუდენტებთან არჩევნების მნიშვნელობაზე, საარჩევნო პროცესში ამომრჩევლის როლზე, საარჩევნო ადმინისტრაციის ინოვაციურ სერვისებზე და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ ახალგაზრდა თაობა დაინტერესებულია საარჩევნო პროცესით და საარჩევნო ადმინისტრაცის მუშაობით, თუმცა პირველ რიგში, მინდა ვისურვო, რომ უფრო მეტი და მეტი ახალგაზრდა მოდიოდეს არამხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ უშუალოდ საარჩევნო პროცესში იღებდეს მონაწილეობას, მიდიოდეს ყველა იმ ადგილას სადაც გადაწყვეტილების მიღება და ქვეყნის განვითარება ხდება“- განაცხადა თამარ ჟვანიამ სტუდენტებთან შეხვედრისას.

ღონისძიების ფარგლებში ახალგაზრდებისთვის ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლებმა არჩევნების არსის და საარჩევნო პროცესში  ამომრჩევლის როლის შესახებ სემინარი სახელწოდებით - „ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი“ ჩაატარეს. სემინარის ფარგლებში ასევე მოეწყო იმიტირებული კენჭისყრის პროცესი: ახალგაზრდებმა პრაქტიკაში განახორციელეს ყველა ის ეტაპი, რომელსაც ამომრჩეველი არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე გადის.

შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა საარჩევნო თემატიკის ისტორიული ფოტოგამოფენა და ცესკოს ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.

სულ: 13 ფოტო