A
A A A
a A

ტრენინგი საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის

ცესკოს სწავლების ცენტრმა, 2018 წლის 25-26 ივნისს, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და აპარატის თანამშრომლებს ჩაუტარა ტრენინგი თემაზე „საარჩევნო სისტემები და გენდერული კვოტირება“.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა საქართველოს პარლამენტის აპარატსა და ცესკოს სწავლების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მომზადდა.

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია შემდეგ ძირითად საკითხებზე:

  • არჩევნების საერთაშორისო სტანდარტები
  • საარჩევნო სისტემის ელემენტები და კლასიფიკაცია
  • საარჩევნო სისტემის პრინციპები და მახასიათებლები
  • მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის ზოგადი მიმოხილვა
  • პროპორციული საარჩევნო სისტემის ზოგადი მიმოხილვა
  • შერეული საარჩევნო სისტემის ზოგადი მიმოხილვა
  • არჩევნები და გენდერული პოლიტიკა
  • გენდერული კვოტირება 

საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა გივი მიქანაძემ მადლობა გადაუხადა ცესკოს თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას და სწავლების ცენტრის დირექტორს ნათია ზაალიშვილს ტრენინგის ორგანიზებისთვის და ხაზი გაუსვა უწყებებს შორის საგანმანათლებლო მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

„ვფიქრობ, რომ სახელმწიფო რესურსების ერთმანეთისთვის შეხიდება მხოლოდ გამოადგება ამ ქვეყნის მომავალს და მის წინსვლას. დარწმუნებული ვარ, უმაღლესი კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებიც სწავლების ცენტრში მოღვაწეობენ, ყველა იმ კითხვას და საკითხს, რომელიც ტრენინგში მონაწილე პირების ინტერესს შეეხება, კომპეტენტურად და მიზანმიმართულად უპასუხებენ. აღსანიშნავია, რომ ამ ერთი ღონისძიებით ჩვენი თანამშრომლობა არ შემოიფარგლება და ჩვენ დავგეგმავთ სხვადასხვა აქტივობებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ბევრი კარგი საქმე გაკეთდეს“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სასწავლო პროგრამა შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ნაკაშიძემ. მისი განცხადებით, ტრენინგის დღის წესრიგში გათვალისწინებულია ყველა ის საკითხი, რაც პარლამენტის წევრს აინტერესებს და იგი მოიცავს როგორც თეორიულ ნაწილს, ასევე პრაქტიკულ ელემენტებსაც, რაც განსაკუთრებით საინტერესოა.

ორდღიანი სასწავლო კურსი საქართველოს პარლამენტის 18 წარმომადგენელმა გაიარა.

სულ: 6 ფოტო