A
A A A
a A

შეხვედრა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. ცესკოს ხელმძღვანელობამ და პარტიების წარმომადგენლებმა საარჩევნო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების თაობაზე საქართველოს პარლამენტში ცესკოს მიერ წარდგენილი საკანონმდებლო წინადადებები და 13 მაისის საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე გამოყენებული ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის განხორციელების შედეგები განიხილეს.
როგორც ცესკო-ს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების წინადადებათა დიდი ნაწილი პარლამენტმა მოიწონა და ინიცირება მოახდინა.
„ცვლილებები უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან და ტექნიკურ საკითხებს, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებისთვისაც არის მნიშვნელოვანი. ვფიქრობთ, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ეს ცვლილებები შევა საარჩევნო კანონმდებლობაში. სწორედ ამიტომ, კონკრეტულ დეტალურ ინფორმაციას ვაცნობთ პარტიებს. ამასთან, დღეს პარტიებთან ერთად ვიხილავთ ხმის ელექტრონული დათვლის საპილოტე პროექტის შედეგებს. ჩვენ ცაიშში, თვითმმართველობის შუალედურ არჩევნებზე სამ უბანზე ტექნოლოგიების გამოყენებით ჩავატარეთ არჩევნები. უსაფრთხოების თვალსაზრისით ეს იყო ე.წ. ოფლაინ-სისტემით გაკეთებული ელექტრონული დათვლა, რაც ფაქტობრივად გამორიცხავდა ნებისმიერ ჰაკერულ ჩარევას საარჩევნო პროცესში. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს პრინციპი სავარაუდოდ უნდა შენარჩუნდეს მომავალი პილოტირების დროსაც. რაც შეეხება სხვა მხრივ დაცულობას, შედეგებმაც აჩვენა, რომ ხმის მიცემის ფარულობის საკითხი, ამავდროულად ნებისმიერი სხვა არჩევნებთან დაკავშირებული პრინციპი ამ ტექნოლოგიების გამოყენებისას იყო სრულად დაცული“,- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას თამარ ჟვანიამ.
საპილოტე პროექტის შედეგებთან დაკავშირებით პრეზენტაცია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს თამარ ჟვანიამ წარუდგინა, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია კი ცესკოს იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი ძაგანიამ გააცნო. შეხვედრას 15 პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სულ: 17 ფოტო