A
A A A
a A

ცესკოს წევრი ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის მეოთხე სხდომას დაესწრო

ცესკოს წევრი ზურაბ ხრიკაძე ბელგიის დედაქალაქში საქართველო-ევროკავშირის კომიტეტის მეოთხე სხდომას დაესწრო. ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის, მათ შორის ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე იმსჯელეს.

ზურაბ ხრიკაძემ სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა - თუ როგორ უწყობს ხელს საარჩევნო ადმინისტრაცია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციების შესრულების გზით.

სხდომაზე მხარეებმა მიმოიხილეს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები, რომელიც ეხება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას, კარგი მმართველობის, სასამართლოს თავისუფლების, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის შემდგომ გაძლიერებას.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობას ევროპული ინტეგრაციის სარგებლის საზოგადოების ფართო მასებისთვის გაცნობისა და ამავდროულად, დეზინფორმაციისა და ანტი დასავლური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობას.

ქართულ დელეგაციას, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები შედიოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი ხელმძღვანელობდა. ასოცირების კომიტეტის შეხვედრას თავმჯდომარეობდა ევროკავშირის წარმომადგენელი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის, რუსეთის, აღმოსავლეთ პარტნიორობის, ცენტრალური აზიის, რეგიონული თანამშრომლობის და ეუთო-ს დირექტორატის ხელმძღვანელი ლუკ დევინი.

სულ: 5 ფოტო