A
A A A
a A

პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა გრძელდება

ცესკოს სწავლების ცენტრის მიერ 2018 წლის 8 თებერვალს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის ფარგლებში, საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით დაფინანსებული 15 არასამთავრობო ორგანიზაცია აგრძელებს სასწავლო პროექტების განხორციელებას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებისთვის.

მონაწილეები სასწავლო პროგრამების ფარგლებში ეცნობიან ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა:

  • პოლიტიკური პარტიების სტრუქტურა, მენეჯმენტი (საერთაშორისო პრაქტიკა) და უფლებრივი მდგომარეობა;
  • პოლიტიკური კულტურა არჩევნებში, დებატები და საარჩევნო ეთიკა (პროფესიული, ეთიკური სტანდარტები და კომუნიკაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებთან);
  • პარტიებისა და კანდიდატების თანაბარი შესაძლებლობები საარჩევნო პროცესში (მათ შორის: ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ რესურსებსა და საეთერო/სარეკლამო დროზე);
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მექანიზმები (მათ შორის: მედიასთან ურთიერთობა და სოციალური ქსელების გამოყენება, პოლიტიკური და საარჩევნო პიარი);
  • პარტიის როლი უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფაში;
  • ქალთა მონაწილეობის გაზრდის შიდა პარტიული მექანიზმები;
  • პერსონალის და მოხალისეების მართვა (მათ შორის: აქტიური მოქალაქეობა და ახალგაზრდების ჩართულობა საარჩევნო პროცესში, რეგიონული წარმომადგენლობების განვითარება).

აღნიშნული ინიციატივის მიზანია 2018 წელს გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისათვის პოლიტიკური პარტიების საარჩევნო შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა. საგრანტო კონკურსის ფარგლებში სასწავლო პროექტები მიმდინარეობს ცესკოს სწავლების ცენტრის ჩართულობით, რომელიც უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების სწავლებას შემდეგ მოდულებზე: საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის წესი, არჩევნების ორგანიზება (საარჩევნო ციკლი), კენჭისყრის დღე, საჩივრის/განცხადების შედგენის საფუძველი და ტექნიკა.

სასწავლო პროექტები ქვეყნის მასშტაბით (73 საარჩევნო ოლქში) ხორციელდება. ამ ეტაპისთვის საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა გაიარა პროექტში მონაწილე  პოლიტიკური პარტიების 848 წარმომადგენელმა. კონტრიბუციის სახით ცესკოს სწავლების ცენტრი ახორციელებს სასწავლო პროცესის მხარდაჭერას სურდოთარგმანის უზრუნველყოფით.  

გრაფიკები იხილეთ http://map.electionreforms.ge/

სულ: 4 ფოტო