A
A A A
a A

ტრენინგი „საარჩევნო განვითარების სკოლის“ ტრენერებისთვის

ცესკოში პროექტის „საარჩევნო განვითარების სკოლა“ ტრენერებისთვის ტრენინგი (ToT) მიმდინარეობს. 4-დღიან სასწავლო კურსს საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები გადიან, რომლებიც შემდგომ სასწავლო პროგრამას განახორციელებენ.

საარჩევნო ადმინისტრაცია პროექტს „საარჩევნო განვითარების სკოლა“, უკვე მეოთხე წელია რაც ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც ახალგაზრდები საარჩევნო საკითხებზე 10 დღის განმავლობაში გადიან სწავლებას.

ტრენერები სწორედ ზემოაღნიშნული სწავლებისთვის ემზადებიან და ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გადიან გადამზადებას, როგორიცაა გენდერული თანასწორობა, სახელმწიფოს ინსტიტუციური მოწყობა, უშუალო დემოკრატიის ფორმები, რეფერენდუმი და პლებისციტი, არჩევნების საკანონმდებლო რეგულირება, ევროპის პარლამენტი, საარჩევნო ადმინისტრაციის მოდელები, არჩევნებში ჩართული მხარეები, არჩევნების ისტორია საქართველოში. ToT-ს ცესკოს სწავლების ცენტრის წარმომადგენლები უძღვებიან.

აღსანიშნავია, რომ წელს პირველად, სასწავლო კურსის მოდულებს დაემატა ვრცელი ნაწილი პირველი დემოკრატიული არჩევნების შესახებ საქართველოში. 1919 წლის დამფუძნებელი კრების არჩევნების შესახებ ესაუბრება ტრენინგის მონაწილეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელი, ირაკლი ირემაძე.

ტრენინგი ცესკოს და სწავლების ცენტრის ხელმძღვანელმა პირებმა გახსნეს. ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ მონაწილეებთან სასწავლო კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმ სიახლეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელსაც საარჩევნო ადმინისტრაცია აღნიშნული პროექტის მონაწილეებს სთავაზობს.

"საარჩევნო განვითარების სკოლა" წელს 16 ივლისიდან დაიწყება. 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს თბილისსა და 23 მუნიციპალიტეტში (გურჯაანში, სიღნაღში, თელავში, ახმეტაში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულში, დუშეთში, გორში, ახალგორში (წეროვანი, დევნილთა დასახლება), ბორჯომში, ახალციხეში, ამბროლაურში, საჩხერეში, ზესტაფონში, ქუთაისში, სამტრედიაში, ოზურგეთში, სენაკში, ზუგდიდში, ფოთში, ბათუმსა და ქობულეთში) ჩაუტარდებათ სწავლება. პროექტის ემსახურება სამოქალაქო ჩართულობის გაზრდას და არჩევნების პოპულარიზაციას ახალგაზრდებში.

„საარჩევნო განვითარების სკოლა" ევროპის საბჭოს (CoE) და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) მხარდაჭერით ხორციელდება. ტრენერთა ტრენინგი (ToT) 3 ივლისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდება.

სულ: 21 ფოტო