A
A A A
a A

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება

2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები გაიმართება. დღეს ძალაში შევიდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის კონტრასიგნაციით გამოცემული განკარგულება არჩევნების დანიშვნის შესახებ. საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე დაიწყო კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება.

დღესვე ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე ცესკომ საარჩევნო ღონისძიებათა გრაფიკი დაამტკიცა, რომელშიც დეტალურად არის აღწერილი არჩევნებთან დაკავშირებული ღონისძიებები და ვადები.

დღესვე ცესკომ 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსები გამოაცხადა. ასევე, ცესკოს მიერ განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები, როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

დღევანდელ სხდომაზე ცესკომ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის კანდიდატის წარსადგენად საჭირო ხელმოწერების მინიმალური ოდენობაც დაადგინა. პოლიტიკური გაერთიანებისა და ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფის მიერ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა დადასტურებული უნდა იყოს არანაკლებ 25 923 ამომრჩევლის ხელმოწერით.

როგორც ცესკოში გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, დღეიდან პარტიებისა და საინიციატივო ჯგუფების მომართვისა და კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი იწყება. გარდა ამისა, აკრედიტაციის მსურველ ორგანიზაციებსა და მედია საშუალებების წარმომადგენლებს რეგისტრაციის გავლის მიზნით შეუძლიათ მიმართონ შესაბამის საარჩევნო კომისიებს.

„შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის მიზნით, პარტიას ან საინიციატივო ჯგუფს უკვე აქვს შესაძლებლობა მომართოს ცესკოს თავმჯდომარეს განცხადებით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს დროულად დაიწყონ მხარდამჭერ ამომრჩეველთა ხელმოწერების შეგროვების პროცედურები.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიის (აგიტაციის) წარმოების წესებს, ასევე საბიუჯეტო თანხების, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებულ ნორმებს - აღნიშნული ნორმები საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, კენჭისყრის დღემდე 60 დღით ადრე ამოქმედდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

მისივე თქმით, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთონ საარჩევნო პროცესებში და თითოეულ მათგანს უსურვებს წარმატებას საკუთარი საქმიანობის განხორციელების პროცესში.

სულ: 10 ფოტო