A
A A A
a A

ცესკოს განცხადება ამომრჩეველთა მონაცემების გადამოწმების თაობაზე

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) მიმართავს არჩევნებში მონაწილე მხარეებს და მათ წარმომადგენლებს ნუ ისარგებლებენ საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით მათი საქმიანობის განხორციელებისას.

ამომრჩევლებმა ცესკოს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირები, საარჩევნო ადმინისტრაციის სახელით, კარდაკარ შემოვლით ამოწმებენ მოქალაქეთა მონაცემებს. მაგალითად, ცესკოს საინფორმაციო/სატელეფონო ცენტრში შემოსული ერთ-ერთი ინფორმაციის თანახმად, დიდი დიღმის დასახლებაში მოქალაქესთან მისულმა პირმა თავი წარადგინა როგორც ცესკოს წარმომადგენელმა. მან აღნიშნულ მოქალაქეს ხელი მოაწერინა განცხადებაზე, რომელიც ადგენდა, თუ ვინ არ ცხოვრობდა მის მისამართზე.

განვმარტავთ, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მსგავს აქტივობას არ ახორციელებს და არ აწარმოებს კარდაკარ ამომრჩეველთა მონაცემების შემოწმებას.

შეგახსენებთ, რომ საუბნო საარჩევნო კომისიები ფუნქციონირებას კენჭისყრის დღემდე ერთი თვით ადრე დაიწყებენ (28 სექტემბერი). საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები კომპეტენციის ფარგლებში განახორციელებენ დადგენილ პროცედურებს, მათ შორის ამომრჩეველთა საინფორმაციო ბარათების გავრცელებას. ამასთან, ამომრჩევლებთან ურთიერთობისას საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენელს ექნება საარჩევნო კომისიის წევრობის შესაბამისი დამადასტურებელი მოწმობა.

ცესკო მადლობას უხდის ამომრჩევლებს აქტიურობისა და თანამშრომლობისთვის.