A
A A A
a A

ცესკომ ადგილობრივ დამკვირვებლებს ელექტრონული რეგისტრაციის ინოვაციური სერვისი შესთავაზა

პირველად, 2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს დამკვირვებლების დანიშვნა ელექტრონული ფორმითაც, ონლაინ შეეძლებათ. ამასთან დაკავშირებით დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ცესკოს წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს დამკვირვებელთა ელექტრონული საშუალებებით დანიშვნის შესახებ განცხადებების წარდგენის, რეგისტრაციის წესები და პირობები გააცნეს.
როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ აღნიშნა, ელექტრონული რეგისტრაციების დანერგვის მიზანია პროცესების გამარტივება სადამკვირვებლო ორგანიზაციებისთვის, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის უკეთ წარმართვა და არჩევნებში ჩართულ მხარეებზე ორიენტირებული, მაღალი ხარისხის, უსაფრთხო და სანდო სერვისების მიწოდება.
„ეს არის იმ ელექტრონული რეგისტრაციების პროგრამის გაუმჯობესებული სახე, რომელიც ჩვენ პირველად ჯერ კიდევ 2017 წელს დავიწყეთ. დღეს უკვე გვინდა შემოგთავაზოთ დამკვირვებელთა დანიშვნის ალტერნატიული საშუალება, და არა ვალდებულება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ ურთიერთობის ელექტრონული ფორმა. ჩვენ წარმოგიდგენთ, თუ როგორ მოხდება კონკრეტულად დამკვირვებელთა სიების რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ აქ არ იგულისხმება თვითონ სადამკვირვებლო ორგანიზაციის რეგისტრაცია; უკვე რეგისტრირებულ ორგანიზაციას ექნება საშუალება ონლაინ დანიშნოს დამკვირვებელი. ამის შესახებ არის მიღებული ცესკოს სპეციალური დადგენილებაც შესაბამისი ინსტრუქციით. მიმაჩნია, რომ ეს არის კიდევ ერთი წინ გადადგმულიb ნაბიჯი ელექტრონული სერვისების განვითარების კუთხით“,-განაცხადა თამარ ჟვანიამ.
სამუშაო შეხვედრის მონაწილეებს დამკვირვებლების ელექტრონული დანიშვნის პროცედურების შესახებ პრეზენტაცია ცესკოს სარეგისტრაციო და ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსმა ელისაბედ ველიძემ წარუდგინა. ამასთან, ცესკოს ამომრჩეველთა სიების ფორმირებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის წარმომადგენელმა დავით ბარამიძემ შეხვედრის მონაწილეებს დამკვირვებელთა ელექტრონული დანიშვნის პრაქტიკული მაგალითებიც გააცნო.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გამართულ შეხვედრას 24 ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა.

სულ: 16 ფოტო