A
A A A
a A

ცესკოსა და შსს-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი არჩევნების დღეს ხმის მიცემის პროცესის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად მხარეთა თანამშრომლობას ითვალისწინებს; მხარეები, ასევე თანხმდებიან დაგეგმილი ღონისძიებების წარმატებით განხორციელების მიზნით, ერთობლივი ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზებაზე. სამუშაო პროცესს მხარდაჭერას საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უწევენ.

მემორანდუმის მიზანია, ხელი შეუწყოს 2018 წლის ოქტომბერში გასამართი საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარებას. როგორც თამარ ჟვანიამ აღნიშნა, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფა აუცილებელია არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. მისივე თქმით, საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის თანამშრომლობა არჩევნების უსაფრთხოების კუთხით ყოველ წელს ღრმავდება და საფუძველი ეყრება ახალ ინიციატივებს.

„ჩვენ დღეს მოვაწერეთ ხელი ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც გახლავთ არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ. უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამომრჩეველს ჰქონდეს საკუთარი კონსტიტუციური ნების თავისუფალ გარემოში გამოხატვის საშუალება. ჩვენ სწორედ ამას უზრუნველვყოფთ. შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით ვახორციელებთ ერთობლივ სასწავლო პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ შარშან, მაგალითად, ჩვენი ერთობლივი საქმიანობის შედეგი იყო ის ძალიან მნიშვნელოვანი წარმატება, რომ 2017 წელს, არჩევნების დღეს არცერთი ძალადობრივი ფაქტი არ დაფიქსირებულა. ეს აისახა კიდეც საზოგადოებრივი კვლევის შედეგებში, საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 93%-ის მოსაზრებით არჩევნების დღე მათთვის იყო უსაფრთხო,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის ძირითადი მიზანი გახლავთ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამ არჩევნების დროსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო იქნება სრულად ნეიტრალური. ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანია და დღეს ძირითადი ამოცანაა მშვიდ გარემოში ჩატარებული საარჩევნო პროცესი და არჩევნები. ეს მემორანდუმი ითვალისწინებს, რომ ჩვენი თანამშრომლები, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აიმაღლებენ კვალიფიკაციას, რათა მათ შესაბამისად და წარმატებით გაართვან თავი ამ გამოწვევებს და ამოცანებს. პოლიტიკურად ნეიტრალური პოლიცია არის გარანტი იმის, რომ მშვიდ გარემოში წარმატებულად ჩავატაროთ არჩევნები,“ - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

საარჩევნო ადმინისტრაციასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე მესამედ გაფორმდა. 2016 და 2017 წელს გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზეც მხარეებმა როგორც პარლამენტის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ტრენინგები და სამუშაო შეხვედრები გამართეს. აღსანიშნავია, რომ შარშან საარჩევნო ადმინისტრაციამ მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები პროექტის სახით წარადგინა საერთაშორისო საარჩევნო ჯილდოზე, ნომინაციაში - „საარჩევნო კონფლიქტების მართვა“. საარჩევნო საკითხთა მე-15 საერთაშორისო სიმპოზიუმზე, იორდანიაში, აღნიშნულ ნომინაციაში არჩევნების უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობისთვის ჯილდო საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციას გადაეცა.

სულ: 3 ფოტო