A
A A A
a A

საინფორმაციო-სასწავლო კურსი პოლიციელებისთვის არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე

2018 წლის 27 სექტემბერს საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიას შორის გაფორმებული თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში დაიწყო საინფორმაციო-სასწავლო კურსის განხორციელება სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის.

ღონისძიება 8 ოქტომბერს ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი შარაბიძემ და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა გახსნეს, რომლებმაც კენჭისყრის პროცესის უსაფრთხო და მშვიდობიან გარემოში მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის ეფექტიანი კომუნიკაციის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

სწავლების ცენტრის, შსს აკადემიის და საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) წარმომადგენლებმა შეხვედრაში მონაწილე სამართალდამცავი ორგანოების  სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს მიაწოდეს ინფორმაცია შემდეგ მნიშვნელოვან საკითხებზე:

  • არჩევნების უსაფრთხოების კონცეფცია და საერთაშორისო სტანდარტები;
  • საარჩევნო უბანზე კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობისას უსაფრთხოების მიმართულებით რისკების იდენტიციფირება;
  • რისკების პრევენცია და ეფექტიანი კომუნიკაცია საარჩევნო ადმინისტრაციასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის;
  • რეაგირების მექანიზმები უსაფრთხო და მშვიდობიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად;
  • არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო გარემოში ჩატარების უზრუნველყოფა შსს-ს მიერ;
  • არჩევნების პერიოდში შსს მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია (პოლიციის ეთიკის კოდექსის მიხედვით);
  • წინასაარჩევნო პერიოდში და არჩევნების დროს გამოვლენილ სამართალდარღვევათა დახასიათება და მათზე რეაგირების პროცედურული ნორმები (ადმინისტრაციულ სამართლებრივი და სისხლის სამართლებრივი).

საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრები სამართალდამცავი ორგანოების  წარმომადგენლებთან თბილისში, შსს აკადემიაში, 8-18 ოქტომბრის პერიოდში მიმდინარეობს.

მემორანდუმის ფარგლებში სწავლების ცენტრმა პოლიციელებისთვის ასევე შეიმუშავა დისტანციური სასწავლო პროგრამა, რომელიც არჩევნების უსაფრთხოების საკითხებზე ინფორმაციის მიღების დამატებით რესურსს ქმნის. პროგრამა შსს აკადემიის ელექტრონული სწავლების პორტალსა და სწავლების ცენტრის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

სულ: 7 ფოტო