A
A A A
a A

სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებისთვის საარჩევნო საკითხებზე

ცენტრალური მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საარჩევნო საკითხებზე. კაჭრეთში ორგანიზებულ ღონისძიებას, 21 ჟურნალისტი ესწრებოდა. 

მედიის როლი საარჩევნო პროცესში, კენჭისყრის დღე და ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობა, არჩევნები და გენდერული თანასწორობა, საარჩევნო კანონმდებლობის სიახლეები, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, არჩევნების უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტები, ჩართული მხარეების როლი არჩევნების უსაფრთხოების საკითხებში, უსაფრთხო საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის საკანონმდებლო მექანიზმები, საერთაშორისო გამოცდილება და არჩევნების გაშუქების ძირითადი სქემები, - ამ და სხვა მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებს განიხილავდნენ ჟურნალისტებთან ერთად ცესკოს, სწავლების ცენტრის,  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდისა (IFES) და შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის წარმომადგენლები. 

შეხვედრაზე გაიმართა არაერთი დისკუსია და ჟურნალისტების კითხვებს ექსპერტებთან ერთად ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია, თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე, სწავლების ცენტრის ხელმძღვანელი ნათია ზაალიშვილი და  საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროექტის ხელმძღვანელი ქეთი მაისურაძე პასუხობდნენ.

„ცენტრალური საარჩევნო კომისია წლების განმავლობაში თანამშრომლობს მედიასთან და უკვე ჩავატარეთ ძალიან მნიშვნელოვანი სასწავლო შეხვედრები, რაშიც დახმარებას წლებია გვიწევს ჩვენი პარტნიორი ორგანიზაცია - საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი.

წარიმართა დისკუსია ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და იყო ძალიან კარგი ინტერაქცია. იმედი გვაქვს, რომ პრეზიდენტის არჩევნებისთვის ჟურნალისტებს ექნებათ მაქსიმალური ინფორმაცია საარჩევნო საკითხებზე, რაც ცხადია წაადგება არჩევნების ობიექტურ, პროფესიულ გაშუქებას და მთლიანად საარჩევნო პროცესს“,-აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ ტრენინგის დასრულების შემდეგ.

სწავლების მონაწილე ჟურნალისტების თქმით, ორი დღის განმავლობაში მიღებულ ინფორმაციას პრეზიდენტის არჩევნების გაშუქებისას აუცილებლად გამოიყენებენ.

„დღევანდელ სემინარზე მივიღეთ ამომწურავი და საჭირო ინფორმაცია, მაგალითად როგორ უნდა გავაშუქოთ უშუალოდ კენჭისყრის პროცედურა, რა ცვლილებები შევიდა საარჩევნო კოდექსში, ასევე უსაფრთხოების თემასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ. ეს ინფორმაცია ჩვენთვის, ჟურნალისტებისთვის მნიშვნელოვანია, ვინაიდან ძალიან მალე იქნება საპრეზიდენტო არჩევნები და რა თქმა უნდა, ვემზადებით არჩევნების გასაშუქებლად“,- განაცხადა ტელეკომპანია მაესტროს ჟურნალისტმა ქეთი ხიდიშელმა.

„ეს იყო მნიშვნელოვანი და ნაყოფიერი ტრენინგი, ორი დღის განმავლობაში საკმაოდ ბევრ და საინტერესო თემას შევეხეთ, ბევრი სიახლე იყო. რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ეს არის გაშუქების, ფოტოვიდეო გადაღების საკითხები. ვფიქრობ, აუცილებლად გამომადგება ამ ორი დღის განმავლობაში მიღებული ინფორმაცია მიმდინარე წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მუშაობის პროცესში,“ - განაცხადა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ჟურნალისტმა სალომე კვარაცხელიამ.  

სამუშაო შეხვედრა ცესკომ და სწავლების ცენტრმა საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდთან (IFES) თანამშრომლობით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით 6-7 ოქტომბერს ჩაატარა.

 

სულ: 52 ფოტო