A
A A A
a A

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ, მედიას მიმდინარე საარჩევნო პროცესების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჟურნალისტს, ყველა მედია საშუალებას, რომლებიც აშუქებდნენ არჩევნების დღის მიმდინარეობას და საზოგადოებას დროულად აცნობდნენ ინფორმაციას მიმდინარე სიახლეების შესახებ“, - განაცხადა ანა მიქელაძემ.

როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების საუბნო შემაჯამებელი ოქმების პრაქტიკულად 100% ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებგვერდზე ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. „შეგახსენებთ, რომ საოლქო საარჩვენო კომისიებმა არაუგვიანეს 8 ნოემბრისა უნდა შეაჯამონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, ხოლო არაუგვიანეს 17 ნოემბრისა ცესკო სხდომაზე შეაჯამებს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების შედეგებს.

წარმოგიდგენთ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების შესახებ: მოცემული დროისთვის საოლქო საარჩევნო კომისიებში დაახლოებით 500  საჩივარი შევიდა. აღსანიშნავია, რომ საოლქო საარჩევნო კომისიებში შესული საჩივრების უმეტესობა, ასევე, დღის განმავლობაში დაიწერა საარჩევნო უბნებზევე. შესაბამისად, მათი შინაარსი ანალოგიურია.

საჩივრების  უმეტესი ნაწილი  მხოლოდ პროცედურულ ხარვეზებს ეხება და ძირითადი მოთხოვნა კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებაა. თუმცა, საოლქო საარჩევნო კომისიებში სხვა მოთხოვნის შემცველი საჩივრებიც შევიდა, რომლებზეც ასევე იქნება შესაბამისი რეაგირება.

შეგახსენებთ, რომ კანონმდებლობის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიაში. საოლქო კომისიას საჩივრის რეგისტრაციიდან განხილვისთვის ასევე 2 დღიანი ვადა აქვს. საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს მისი მიღებიდან, ასევე 2 დღის ვადაში განიხილავს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შესაძლოა 1 დღის ვადაში გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში, რომელიც თავის მხრივ 1 დღის ვადაში განიხილავს საჩივარს. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება“, - განაცხადა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.

ცესკოს პრეს-სპიკერმა მედიას თერჯოლისა და სამტრედიის მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური მაჟორიტარული არჩევნების წინასწარი შედეგების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან ერთად 6 საარჩევნო უბანზე გაიმართა.  აღნიშნული არჩევნებისთვის რეგისტრირებული იყო 7 925 ამომრჩეველი. ხოლო საარჩევნო რეგისტრაციაში გატარებული იყო 8 კანდიდატი.

იხილეთ საკრებულოების შუალედური არჩევნების წინასწარი მონაცემები